გენო პეტრიაშვილი: დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეული გუნდის წევრს, ლიდერს, იმისთვის რომ ესე ზრუნავს ქართველ ახალგაზრდებზე

“მომსწრეები გავხდით ძალიან დიდი და ძალიან ქართული საქმისა, რასაც ჰქვია ჩვენი სტუდენტების უფასოდ სწავლა-განათლების მიღება. ასეთი მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეული გუნდის წევრს, ლიდერს, იმისთვის რომ ესე ზრუნავს ქართველ ახალგაზრდებზე” – თქვა ოცნების წევრმა გენო პეტრიაშვილმა პარლამენტში, სპორტის კომიტეტის სხდომაზე.
ოცნების განცხადებით, მათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასო გახადეს, თუმცა განათლების სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ეს რეალურად უმაღლესი განათლების სისტემის შეზღუდვა და აბიტურიენტებისთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაბარების უფლების შეზღუდვაა. ქართული ოცნება აუქმებს საგრანტო დაფინანსებასაც კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ 63 უნივერსიტეტის ნაცვლად, სწავლა მხოლოდ 19 უნივერსიტეტში იქნება დაფინანსებული. სპეციალობების უმეტესობა კი 19 უნივერსიტეტიდან მხოლოდ ორში იქნება. მაგალითად, სამართლის შესწავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თსუ-ში და ქუთაისის უნივერსიტეტში.
ეს შეამცირებს მისაღებ რაოდენობებსაც, ანუ უფრო რთული გახდება თქვენთვის ჩაბარება და ასევე უნდა იცოდეთ, რომ 4-წლიანი ბაკალავრიატის ნაცვლად, დაგიფინანსდებათ მხოლოდ 3-წლიანი ბაკალავრიატი. ახლა დასვით კითხვა, კარგია თუ არა 63-ის ნაცვლად 19-ში რომ დაგიფინანსდებათ სწავლა, 19-დან მხოლოდ ორში რომ იქნება სპეციალობების უმეტესობის სწავლა შესაძლებელი, რთული რომ გახდება ჩაბარება და 4 წლის ნაცვლად, 3 წელი რომ დაგიფინანსებენ სწავლას” | ამბობს განათლების სფეროს ექსპერტი, სიმონ ჯანაშია