გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა

საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.
ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.
18 ივნისს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები მის კანდიდატურას კენჭს უყრიან.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გვარაკიძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა წარადგინა.
საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს.
გიორგი გვარაკიძე, რომელიც მანამდე თბილისის პროკურორი იყო, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ და შესაბამისად, გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გადავიდა.