გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება დაასახელა. შესაბამისი განცხადება შოთაძემ გენერალური პროკურატურის ვებსაიტზე გამოაქვეყნა.
„ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი, სავარაუდოდ, რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია, ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით,“ — აცხადებს ირაკლი შოთაძე.
შოთაძე გადადგომის შესახებ გამოქვეყნებულ წერილში აჯამებს გენერალური პროკურორობის ოთხწლიან ვადას და მიმოიხილავს იმ რეფორმებს, რაც, მისი თქმით, პროკურატურაში გატარდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის,“ — ამბობს შოთაძე.
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 2020 წლის 18 თებერვალს 6 წლის ვადით დაამტკიცა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა მან „ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეს პოსტი დაიკავა.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი პირველად 2015 წელს გახდა, თუმცა თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
შოთაძის გადადგომიდან მის ხელახლა დანიშვნამდე, 2018-2020 წლებში, გენერალური პროკურორის პოსტი ივანიშვილის ყოფილ პირად ადვოკატს, შალვა თადუმაძეს ეკავა. 2020 წელს ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.