ნატომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ალიანსის წევრი ქვეყნებისა და შვედეთის 90,000 ჯარისკაცი მაისამდე ევროპაში წვრთნებს გაივლის. ნატო პირდაპირ მიანიშნებს, რომ სამხედრო მომზადებას მისი ჯარები რუსეთისგან მომავალი საფრთხის გამო გადიან. პირველად, ცივი ომის შემდეგ, ნატომ შეიმუშავა გეგმა, რომელიც სწორედ პუტინის რუსეთისგან ალიანსის დაცვას ისახავს მიზნად. კრემლში ამბობენ, რომ ეს პროვოკაციაა და ნატოს წვრთნებს მათგან საპასუხო სამხედრო ქმედება მოჰყვება- რა მნიშვნელობა აქვს ამ წვრთნებს, რითია ის გამორჩეული და რა შესაძლო სამხედრო პასუხზე საუბრობს რუსეთის ხელისუფლება. ამ თემებზე ნატოს ყოფილ მაღალჩინოსან, ამერიკელ გენერალ გორდონ დეივისს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.
გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ნატოს ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. გვითხარით ამ წვრთნების მნიშვნელობაზე და მთავარ მესიჯზე, რომელსაც ეს წვრთნები აგზავნის?
ეს [წვრთნები] ძალიან ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. მადლობა, რომ ამ თემაზე საუბრობთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ასეთი რამ ხშირად არ ხდება- ამ წვრთნებზე ბევრი რამ პირველად ხდება. ეს ნატოს პირველი წვრთნაა, რომელიც ერთიან სამხედრო გეგმას, ან შეგვიძლია ვთქვათ, გეგმების დიდ ოჯახს განიხილავს, რომლის ბოლო ნაწილიც ვილნიუსში დამტკიცდა. ეს ევროპის თითქმის თანასწორი მოწინააღმდეგისგან დასაცავად მოხდა. ნათელი რომ იყოს, ვიტყვი, რომ რუსეთზე ვსაუბრობთ.
ამერიკა და ალიანსის წევრები ძალიან ფრთხილად იმოქმედებენ იმისთვის, რომ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდეს.
პირველადაა, რომ ნატო ემზადება რუსეთისგან თავის დასაცავად. რუსეთის, რომელიც ნატოს უკვე მიჩნეული ყავს ყველაზე დიდ, უდიდეს პირდაპირ საფრთხედ.
წელს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის წვრთნაა, ვიდრე აქამდე. 90,000 ადამიანზე ვსაუბრობთ. ნატოს ყველა ყველა წევრი ქვეყანა და ასევე შვედეთი წელს გაივლიან წვრთნას და ივარჯიშებენ არა მარტო თავდაცვაში და პოტენციურ საფრთხეზე რეაგირებაში, არამედ ასევე ლოგისტიკურ მოძრაობაში, ჩრდილოეთ ამერიკის პორტებიდან დაწყებული, ევროპით დამთავრებული.
[სამხედროები გაიწვრთნებიან] პორტებში, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ჩამოტვირთვაში, ევროპაში წინასწარ განლაგებული [იარაღის] მარაგის მიღებასა და პერსონალის აღჭურვაში. ისინი ივარჯიშებენ ამ ჯარების ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადასხმასა და სამხედრო მობილობაში. გათამაშდება ის სამხედრო რეგიონული გეგმები, რომლებიც გასულ წელს დამტკიცდა [ნატოს მიერ].
ასე რომ ესაა უზარმაზარი წვრთნები, ისეთი, როგორიც ალიანსისგან 80-იანი წლების შემდეგ არ გვინახავს. ნება მომეცით ასევე ვთქვა, რომ ეს მაინც არაა ზოგიერთი იმ რუსული წვრთნის მასშტაბის რომელიც გასული წლების განმავლობაში ტარდებოდა, იქნება ეს “ზაპადი”, “ვასტოკი” თუ სხვა.
ის წვრთნები, რუსული წყაროების მიხედვით, 300,000 ადამიანამდე ადიოდა.”ზაპადი” ბოლოს 2017 და 2021 წლებში ჩატარდა, რადგან ის ყოველ 4 წელიწადში იგეგმება. ეს წვრთნები რუსეთის მიერ ტარდებოდა, რათა რუსეთს ნატოს “პოტენციური” საფრთხისთვის ეპასუხა. თუმცა, ეს საფრთხე არ არსებობს და ის რუსეთის გამოგონილია. ეს ბოლო წვრთნები 100,000-იდან 200,000-მდე იყო, რაც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ნატოს ის წვრთნები, რომელიც წელს ტარდება.
ამას პრობლემად აღიქვამთ? რატომ ადარებთ ამ წვრთნებს ერთმანეთს, ფიქრობთ, რომ ნატომ უფრო ფართომასშტაბიანი წვრთნები უნდა ჩაატაროს?
მიუხედავად რუსეთისგან მომავალი რიტორიკისა, ეს [წვრთნები] არის რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირება
წარსულში, [ნატოს] ჰქონდა დიდი წვრთნები, ათიათასობით ადამიანის ჩართულობით, მაგრამ არა ისეთი დიდი, როგორიც წელსაა, თითქმის 100,000 ადამიანის მონაწილეობით და ასევე არ იყო დიდი, გეოგრაფიული განფენილობის თვალსაზრისით.
მაშინ, როდესაც რუსეთი დასავლეთისგან მომდინარე თითქოს არსებული საფრთხის ფაბრიკაციას ახდენდა, რომელიც უბრალოდ არ არსებობს- ჩვენ არსებულ , რეალურ საფრთხეზე პასუხს ნატოს სტანდარტებით გავცემთ. ასე, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია [ამ წვრთნებისა].
მიუხედავად რუსეთისგან მომავალი რიტორიკისა, ეს [წვრთნები] არის რეალურ და არა გამოგონილ საფრთხეზე რეაგირება და ის არ ცდილობს, რომ დაგვაბრუნოს ცივი ომის პერიოდში, არამედ ცდილობს, დღევანდელ რეალობას უპასუხოს.
თქვენ რუსეთი ბევრჯერ ახსენეთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ეს წვრთნები სამხედრო ინციდენტების პროვოცირებას მოახდენს. რა სამხედრო ინცინდენტებზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ თვლით, რომ საერთოდ რამე მოხდება?
ინციდენტები გამუდმებით ხდება ჰაერში, ზღვაში. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ნატოს მოკავშირეები რუსეთის პროვოცირებას ახდენენ, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ახდენს მოკავშირეების პროვოცირებას ნატოს საჰაერო სივრცეებში შესვლით, ამ სივრცეებთან ახლოს მისვლით, ან სახიფათო გადაფრენებით, სახიფათო მანევრებით ზღვაში, მოკავშირეების გემებთან, ან თვითმფრინავებთან ახლოს.
პირველი რეაქცია ნატოსგან [რუსეთის საფრთხეზე] სწორედ ყირიმის არაკანონიერი ანექსიისა და ოკუპაციის დროს მოხდა.
ასე, რომ ეს ისევ რუსეთის მიერ მოგონილი [ნარატივია]. რადგან ამ ტიპის პოტენციურ საფრთხეებზე პასუხები გაეცემა ზუსტად ისე, როგორც ნატოს მოკავშირეები და ძალები იმოქმედებენ „მტკიცე დამცველის“ დროს. ისინი არ შეეცდებიან, რომ ახლოს მივიდნენ რუსეთის საჰარეო სივრცესთან, ან მის წყლებთან. ვსაუბრობთ იმაზე, რაც ნამდვილად რუსეთისაა და არა რუსეთის მიერ არაკანონიერად ოკუპირებულ უკრაინის ნაწილებზე, მაგალითად ყირიმზე და.აშ
ამერიკა და ალიანსის წევრები ძალიან ფრთხილად იმოქმედებენ იმისთვის, რომ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდეს. ისინი მზად იქნებიან იმ შემთხვევისთვისაც, თუ რუსული საჰაერო ხომალდი, ან საბრძოლო გემი რაიმე პროვოკაციაზე წავა, რაც არასდროსაა გამორიცხული. თუმცა, მე ფსონს ჩამოვდივარ, რომ ამერიკა და მოკავშირეების ძალები პროვოკაციებზე უსაფრთხო და შესაბამის ქმედებებს გააგრძელებენ.
თქვენ ხაზი გაუსვით, რომ ნატო პირველად პასუხობს აღმოსავლეთ ევროპიდან მომავალ საფრთხეს. გენერალმა კავოლიმაც თქვა, რომ პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში ნატოს აქვს “სტრატეგია, შეკავებისა და თავდაცვის [გეგმა] ევრო-ატალანტიკური ტერიტორიისთვის”. თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ, რატომ ტარდება ეს წვრთნები ახლა, ნატოს უკრაინის ომი დასჭირდა იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური წვრთნები დაეგეგმა?
ვიტყოდი, რომ ყველაფერი 2014 წელს დაიყო, როდესაც მე შტაბის უფროსის მოადგილე ვიყავი ოპერაციებისა და დაზვერვის საკითხებში და იმ დროს გენერალ [ფილიპ] ბრიდლოვთან, ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მეთაურთან ერთად ვმუშაობდი. პირველი რეაქცია ნატოსგან [რუსეთის საფრთხეზე] სწორედ ყირიმის არაკანონიერი ანექსიისა და ოკუპაციის დროს მოხდა. როდესაც რუსეთმა აღმოსავლეთ ყირიმში ჯარები შეუშვა და სეპარატისტების მხარდაჭერა დაიწყო.
ესაა უზარმაზარი წვრთნები, ისეთი, როგორიც ალიანსისგან 80-იანი წლების შემდეგ არ გვინახავს.
ამან ნატოს მოკავშირეებში პირველი განგაშის ზარი გააჟღერა. [დაიწყო საუბარი] რომ უნდა შეცვლილიყო, თუ როგორი მიდგომა ჰქონდა ნატოს რუსეთთან და როგორ იცავდა ნატო თავის მოკავშირეებს რუსეთისგან მომავალი პოტენციური საფრთხისგან. ასე რომ ეს დიდი ხანია დაიწყო და ვფიქრობ კრისმა [გენერალმა კავოლიმ] ამიტომაც ახსენა, რომ პირველად გვაქვს სტრატეგია, ნატოს სამხედრო სტრატეგია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, 2020 წელს იყო მიღებული. ევრო-ატლანტიკური ტერიტორიის დაცვის კონცეფცია კი ერთი წლის შემდეგ დამტკიცდა. ახლა ჩვენ გვაქვს გეგმების მთელი ოჯახი, რომელიც ამ კონცეფციას რეალობად აქცევს და პოტენციურად, მის შესრულებაზე იზრუნებს.
ჩვენ ახლა სწორ გზაზე ვართ, რომ შესრულებადი თავდაცვის გეგმის ყველა კომპონენტი ადგილზე გვქონდეს. მე ვფიქრობ, რომ ახლა გენერალი კავალი მზადყოფნაზეა ორიენტირებული. მზადყოფნის ნაწილია ძალებმა გაიგონ, როგორ უნდა იმოქმედონ, თუ კონფლიქტი მოხდება. ასე რომ, ეს წვრთნები პირველი შანსია, განიხილონ ქმედებები, ან რეაქციები, რაც კონფლიქტის შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ ნატოს ძალებს. ამიტომაცაა ეს წვრთნები ასე მნიშვნელოვანი.