გელა ხასაიას ბრალი დამძიმებული მუხლით წაუყენეს – მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

„გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ერთ ადამიანს ბრალი დამძიმებული მუხლით წაუყენეს. ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურის პრესსამსახური.
მათ განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაცვლად განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებიან. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით:
· ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება 120-ე მუხლით ისჯებოდა სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით;
· ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება 118-ე მუხლით ისჯება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით.
გელა ხასაია პოლიციამ 29 სექტემბერს დააკავა. მას ედავებიან 1 სექტემბერს სადგურის მოედანზე მომხდარი კონფლიქტის დროს დაზიანების მიყენებას. ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობდა, რომ იმ დღეს ხასაია კონფლიქტს შეესწრო, თუმცა მასთან არაფერი აკავშირებდა.
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი განსხვავებულ ვერსიას ჰყვებოდა.
მისი მონათხრობის თანახმად, პირველ სექტემბერს გელა ხასაიას სახლისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა სამი უცხო პიროვნება, რომლებიც მას გაეცნენ, როგორც მხარდამჭერები და გულშემატკივრები, გამოლაპარაკების შემდეგ სთხოვეს გელას, მათთვის ლუდი ეყიდა.
„გელამ მათ ლუდი უყიდა. ამ სამმა უცხო პიროვნებამ ერთმანეთში დაიწყო ჩხუბი, გელას არც კი უკამათია, და მას შემდეგ რაც ეს ბიჭები ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, გელამ გადაწყვიტა ვითარებას გარიდებოდა და მშვიდად დატოვა ტერიტორია“, – აცხადებდა ჟორჟოლიანი.
ფორუმი