გელა გელაძის ცოლს მშობლებმა $150 000 აჩუქეს – რა ქონებას ფლობს შს მინისტრი

თითქმის ორი კვირაა „ქართული ოცნების“ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას გელა (გეკა) გელაძე იკავებს. დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2025 წლის 26 თებერვალს შეავსო, ჰყავს ორი შვილი და ცოლი.
უძრავი ქონების დიდი ნაწილი ცოლის, ნათია ელიზბარაშილის სახელზეა რეგისტრირებული, მათ შორის ბოლო შენაძენია თბილისის ცენტრში, ყაზბეგის გამზირზე სასტუმროს ნომერი, რომელის ღირებულებად 150 000 დოლარი იყო. გელა გელაძის სახელზეა რეგისტრიებული საცხოვრებელი სახლი თბილისში და მიწის ნაკვეთი ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ცოლ-ქმარს ეკუთვნის ძვირადღირებული ავტომობილებიც: გელა გელაძეს – 2013 წელს $70 000-ად ნაყიდი Toyota L200, ნათია ელიზბარაშვილს კი 2019 წელს 105 000 ევროდ ნატიდი „მერსედესი“.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გელა გელაძის ცოლს მშობლებმა 150 000 დოლარი აჩუქეს – თანხა, რომელიც მან სასტუმროს ნომრის შესაძენად გადაიხადა.
გელა გელაძისგან განსხვავებით, დეკლარაციაში არ ჩანს, რომ ნათია ელიზბარაშვილი მუშაობს, თუმცა მის საბანკო ანგარიშებზეზე სოლიდური თანხაა – 100 000 დოლარი და ასევე ჯამში რამდენიმე ათასია სხვადასხვა ვალუტაში.
გელა გელაძე „ქართული ოცნების“ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, უფრო ადრე კი თავდაცვისა და განათლების სამინისტროებში მინისტრის მოადგილე.
კარიერა „ქართული ოცნების“ მმართველობისას
მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ასეთია:
· 2023-24 წლებში – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
· მანამდე ხუთი წელი ამავე სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსი იყო.
გელა გელაძე ამ პოსტს იკავებდა 2021 წლის 19 მაისს, როდესაც თბილისის 51-ე სკოლაში ერთ-ერთ კლასს ეწვია, კამერების წინ, მის უკან დაფაზე კი ჩანდა რუსულენოვანი წარწერა: Жизнь ворам – „ქურდებს სიცოცხლე“.
· 2012-16 წლებში იყო პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, 16-18 წლებში კი – -ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსი.
კარიერა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას
· ის წარსულში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში, დიმიტრი შაშკინის მინისტრობისას, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეც იყო – 2010-12 წლებში;
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის სოდ-ში:
· 2007-2008 წლებში – იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩეველი;
· 2007 წელს – იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტის მრჩეველი;
· 2005-2006 წლებში – შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
· 2005 წელს – თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი;
· 2004-2005 წლებში – შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;
· 2004 წელს – შსს-ის დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი;
· 2004 წელს – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენ. ინსპექციის მრჩეველი.
ფორუმი