პოლიციელის ფორმა – ეს არ არის მხოლოდ სამოსი, ეს ნიშნავს ატარო ღირსება, ეს არის ფიცი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით- ეს არის შინაგანი მოწოდება, რომელიც მოითხოვს სიმამაცეს, თავდადებასა და მზაობას, ერთგულად ემსახურო ქვეყანას,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან პოლიციელებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველად მოგმართავთ, როგორც ამ უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი. მინდა გამოვხატო გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება თქვენდამი. თქვენ 24 საათიან რეჟიმში, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დგახართ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების სადარაჯოზე, იცავთ ქვეყნის საზღვრებს და თავდაუზოგავად ებრძვით დანაშაულს.
სწორედ თქვენ ქმნით უსაფრთხო მომავალს, სადაც ჩვენმა შვილებმა, მშობლებმა და ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მშვიდ, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში უნდა იცხოვრონ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, პოლიცია არის ძალა, რომელიც საფრთხეს უპირისპირდება “თავდაჯერებით, სიმამაცითა და უმაღლესი პროფესიონალიზმით”.
„საამაყოა, რომ თქვენ ამ რთულ გზას ღირსეულად გადიხართ, ყოველთვის ხართ იქ, სადაც ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებით. თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც საფრთხეს უპირისპირდება თავდაჯერებით, სიმამაცითა და უმაღლესი პროფესიონალიზმით. მადლობას გიხდით თქვენი თავდადებისთვის! მადლობა თქვენს ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, თქვენს შვილებს, ვისთვისაც ყველაზე ძვირფასია თქვენთან ერთად გატარებული დრო, რომელსაც ხშირად თმობენ იმისთვის, რომ თქვენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა შეძლოთ. ძვირფასო პოლიციელებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენს შრომასა და ძალისხმევას. ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევებისა და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად, ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე და ფარად უდგახართ ჩვენი სამშობლოს მომავალს“, -განაცხადა გელა გელაძემ.
გარდა ამისა, გელაძის თქმით, მისთვის შს მინისტრობა “უდიდესი პასუხისმგებლობაა”.
„ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – მით უფრო, ისეთი ღირსეული პროფესიონალის შემდეგ, როგორიც ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ.
გპირდებით – როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და როგორც პოლიციელი – ყოველთვის ვიქნები თითოეული პოლიციელის ღირსებისა და პატივის დამცველი!
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვმსახურობ! გისურვებთ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, მხნეობას და ძალას – იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უსაფრთხო და ძლიერი იყოს“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
