გელა გელაძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო

მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოლიმპიადის მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გაეცნო.
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის – X–XII კლასების შესაბამისად ცენტრალიზებულად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხოური ენა.
2023-2024 სასწავლო წლის ოლიმპიადის პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 26 300-ზე მეტმა მოსწავლემ. მათგან მეორე ტურში 7 000-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა.
მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 68 საგამოცდო ცენტრში 8 იანვარს დაიწყო და 12 იანვარს დასრულდება.
მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და კანდიდატების გამოვლენა იმ ნაკრებებისათვის, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ