გელათის კედლის მხატვრობა განადგურების პირასაა – საერთაშორისო ექსპერტების უმწვავესი ანგარიში

გელათის მხატვრობის კედლის ნაწილი ჩამოცვენის და დაშლის საფრთხის ქვეშ არის. გადაუდებელი ჩარევების გარეშე შესაძლოა, უნიკალური მხატვრობის ნაწილი საერთოდ გაქრეს. მხატვრობის მდგომარების შესახებ უმწვავეს ანგარიშს მსოფლიოს მემკვიდრეობის ცენტრი აქვეყნებს. მრჩეველი ორგანოების რეაქტიული მონიტორინგის მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ 5 თვიანი კვლევის მიუხედავად, მათთვის გაუგებარია, რატომ არ ხორციელდება სასწრაფო სამუშოებები მხატვრობის გადასარჩენად. მეტიც, გარკვეულ უბნებზე გელათის მართვის დროებითი კომიტეტი ჩარევასაც კი არ აპირებს, რაც იუნესკოს საგანგებო მისიისთვის განგაშის პირველი სიგნალია.

მხატვრობის დეგრადაციის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეა. იუნესკოს მისიის წევრები ფიქრობენ, რომ რეაბილიტაციის კომიტეტი, ძირითადად, კვლევის პროცესზე იყო გადართული და არ მიექცა სათანადო ყურადღება მისიის პირველ რეკომენდაციას, რომელიც გადაუდებელი სტაბილიზაციის სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას გულისხმობდა.  ტაძრის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მამა კირიონი იუნესკოს მისიის კრიტიკულ შეფასებებს არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ წარმომადგენლებმა ჩატარებული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია კარგად ვერ გაიგეს, რაზეც კომიტეტი პასუხის გაცემას აპირებს.