გელავა: საუბარია კომპანიაზე, რომელიც დაქირავებული ჰყავს საბჭოს, მე კომუნიკაცია არ მქონია

Atlantic Council-ის მკვლევარი სოფო გელავა, რომლის სახლშიც დღეს ჩხრეკა ჩატარდა, ამბობს, რომ სასამართლოს განჩინებაში საუბარი იყო კომპანიაზე, რომლის წინააღმდეგაც გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ფორმულასთან საუბრისას გელავა აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია არის HR კომპანია და ატლანტიკურ საბჭოს სამართლებრივი შრომითი ხელშეკრულებების მოსაწესრიგებლად ჰყავს დაქირავებული.
მკვლევარი ასევე ამბობს, რომ ამ კომპანიასთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს და არც ჰქონია.
“ჩემთვის საერთოდ არ უთქვამთ, რომ ეს რაღაც დიდის ნაწილია. მეც მედიიდან მესმის, რომ პარალელურად რაღაც ქოლ ცენტრებზეა საუბარი. ჩემთან იყო საუბარი კომპანიაზე, რომელიც სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ამ კომპანიის წინააღმდეგ გადასახადების დამალვასთან დაკავშირებით. მე რა ინფორმაციაც მაქვს ამ კომპანიაზე, არის ის, რომ ეს არის HR კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავს ატლანტიკურ საბჭოს, რომელთანაც მე ვმუშაობ და ის მხოლოდ სამართლებრივ შრომით ხელშეკრულებებს აგვარებს. სხვა კომუნიკაცია ჩვენ ამ კომპანიასთან არ გვაქვს და საერთოდ არანაირი კომუნიკაცია და მიწერ-მოწერა არ მქონია. ამის იქით ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, რომ ეს არის რაღაც დიდის ნაწილი და ამის გამო იყვნენ ჩემთან სახლში”- აცხადებს გელავა.