გეკა გელაძისა და მისი ცოლის ანგარიშებსა და ანაბრებზე არის – 127 000 დოლარი, 6 000 ევრო, 15 000 გირვანქა სტერლინგი და 22 000 ლარი.

შს მინისტრის პოსტზე მყოფი გეკა გელაძე და მისი ცოლი ნათია ელიზბარაშვილი ორ კერძო სახლს, ექვს ბინას და სასტუმროს ერთ ნომერს ფლობენ. ინფორმაციას გელაძე- ელიზბარაშვილის წყვილის ქონების შესახებ აი-ფაქტი დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტური გამოძიების მასალების მიხედვით, ქონება ოქროყანაში, ბეთანიაში, კოჯორში, ბაკურიანში, თბილისში ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირებზე მდებარეობს.
🔴 ამავე ინფორმაციით, გეკა გელაძემ უძრავი ქონების უმეტესობა 2011 წლის შემდეგ დააგროვა და ისინი, ძირითადად ცოლის სახელზეა რეგისტრირებული.
🔴 გელაძის ცოლმა 2023 წელს 228 000 დოლარად იყიდა 168 კვ.მ ბინა მთაწმინდაზე, ემ კვადრატის კომპლექსში. ბინა ფუნიკულიორის პარკიდან ხუთი წუთის სავალზე, ოქროყანის ტყე-პარკში მდებარეობს. პროექტის მიხედვით, ექნებათ 68 კვ.მ ფართობის ტერასაც;
🔴 ნათია ელიზბარაშვილმა 2024 წელს იყიდა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი ყოფილ იპოდრომთან, “ორბი ჯგუფის” მშენებარე კომპლექსში, “ცენტრალ პარკ თაუერსი”. აქ “რადისონ ბლუს” გახსნა იგეგმება; ქონება 150 000 დოლარად შეიძინა. ეს თანხა, დეკლარაციის მიხედვით, მშობელმა აჩუქა;
🔴 მინისტრის ცოლს ბინები აქვს ვაკეშიც. ერთი “პარკ პლეისის” კომპლექსში, რომელიც 2012 წელს, 182 000 დოლარად იყიდა, მეორე – უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც, დაახლოებით, 150 000 დოლარადაა შეფასებული;
🔴 ნათია ელიზბარაშვილის სახელზეა 3-სართულიანი კერძო სახლი კოჯორში, აზეულას ქუჩაზე. ამ უბანში მსგავსი სახლები, სულ მცირე, 300 000 დოლარი ღირს; აგარაკი ბეთანიაშიც აქვთ – ამჯერად, უშუალოდ გელაძის სახელზე. ეს სახლი, დაახლოებით, 200 000 დოლარადაა შეფასებული.
🔴 ბაკურიანში გელაძის ცოლს სამი აპარტამენტი აქვს, სასტუმრო K2-ის კომპლექსში. სამივე მათგანი 2017 წელს შეიძინა;
გარდა ამისა, გელაძეს მიწის ნაკვეთი აქვს ახმეტაში, სოფელ მაღრაანში.
🔴 გელაძეს და მის ცოლს ძვირადღირებული ავტომობილებიც ჰყავთ – 105 000 ევროიანი მერსედესი და 70 000 დოლარიანი ტოიოტა.
🔴 გეკა გელაძის ერთი შვილი თბილისის ევროპულ სკოლაში სწავლობს, მეორე – ინგლისში, ექსეტერის უნივერსიტეტში. მათი სწავლისთვის 2024 წელს 35 000 გირვანქა სტერლინგი და 20 000 ლარია გადახდილი.
🔴 შს მინისტრის ხელფასი ოფიციალურად, 13 600 ლარია. გასულ წელს კი ნაკლები, 12 410 ლარი იყო. რაც შეეხება ბიუჯეტის მიღმა შემოსავლის წყაროს, გელაძეს სამშენებლო კომპანიებიდან 2020-2024 წლებში 530 000 ლარი აქვს აღებული. ამჟამად, მხოლოდ შპს “დეკოს” ფლობს, საიდანაც შემოსავალი არ აქვს. ერთი კომპანია აქვს მინისტრის ცოლსაც – სილამაზის სალონი შპს “ნეილ ბარი”. თუმცა, დეკლარაციებში ამ ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
🔴 გელაძისა და მისი ცოლის ანგარიშებსა და ანაბრებზე არის – 127 000 დოლარი, 6 000 ევრო, 15 000 გირვანქა სტერლინგი და 22 000 ლარი.