შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ოთხსართულიან შენობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტრო-სადენების გაუმართაობამ გამოიწვია.
უწყების ცნობით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები ამოიღეს, დაათვალიერეს და იქ ჩანს ხანძრის პირველი კერა. “გეკას” უწყება ამტკიცებს, რომ დაწყებულია გამოძიება. ცნობისთვის, ამ პრინციპით, გამოძიება დაწყებულია ასე ყველა იმ პირზეც, როგორც გვიმტკიცებენ, რომელიც პროევროპული აქციებისას სპეცრაზმელებმა, თუ “ტიტუშკებმა” სცემეს, – თუმცა, არავინ დასჯილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ვაჭრობისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შენობა-ნაგებობაში ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტრო-სადენების გაუმართაობამ გამოიწვია. აღნიშნული ობიექტის მიმდებარედ განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხანძრის, სავარაუდოდ, პირველი კერა, სწორედ ელექტრო-სადენებიდან ჩნდება. მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის გაჩენის ფაქტზე შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში, დღეს – 26 აგვისტოს, გამთენიისას შემოვიდა. არსებობდა, ხანძრის მიმდებარედ არსებულ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის,” – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ცეცხლი ოთხსართულიან შენობაში დილის 6 საათზე გაჩნდა. აალება გვერდით მდებარე შენობაზეც გადავიდა. დამწვარია ათობით მაღაზია.
ეს ვაგზლის ტერიტორიაზე ხანძრის მესამე შემთხვევაა. წლების განმავლობაში აქ დაიწვა „ბავშვთა სამყარო“, შემდეგ ბორჯომის ვაგზალი, და ახლა სურსათისა და საოჯახო ქიმიკატების ბაზრობა.
ცნობისთვის, გელა გელაძე პირველი შს მინისტრია, რომელიც ოფიციალურ განცხადებებსაც კი ზედმეტსახელით – “გეკა” ავრცელებს.
