გედევან ფოფხაძე – თუ მივდივართ ბოიკოტზე, მაშინ შევწყვეტთ შიმშილობას, მაგრამ თუ გვიტოვებენ მარტო ამ სივრცეს, რომ „დაიხოცეთო“, ამაზეც არ დავიხევ უკან – რეჟიმს უნდა ებრძოლო უკომპრომისოდ, კეკლუცობა და ლეგიტიმაცია რეჟიმს აძლიერებს

თუ ვამბობთ, რომ დელეგიტიმაციაზე ვმუშაობთ, ბოიკოტია ხელისუფლების დელეგიტიმაციის ფორმა, არჩევნებში მონაწილეობა კი არის ლეგიტიმაციის ფორმა, ეს ისევეა, როგორც ორჯერ ორი არის ოთხი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
გედევან ფოფხაძის განმარტებით, რეჟიმს უნდა ებრძოლო თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ, საჭიროა ბოიკოტის კამპანიური ხასიათი, რაც იძლევა შედეგს.
„თუ ახლა ჩვენ მივდივართ ბოიკოტზე, მაშინ ჩვენ მართლა შევწყვეტთ შიმშილობას და მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ თუ ჩვენ გვიტოვებენ მარტო ამ სივრცეს, რომ „დაიხოცეთო“, მე ამაზეც არ დავიხევ უკან. იცოდეთ, რომ პოლიტიკაში ყველაზე არასწორი საქციელი არის თავის მოტყუება. რეჟიმს უნდა ებრძოლო თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ, ეს იძლევა შედეგს, ხოლო კეკლუცობა და მისი ლეგიტიმაცია იძლევა ცუდ შედეგს, აძლიერებს რეჟიმს.
საჭიროა აქტიურობა, საჭიროა ბოიკოტის კამპანიური ხასიათი, საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია საერთაშორიოს დონეზე და საშინაო დონეზე. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი. რამდენ ხანს იქნება ხელისუფლება სირაქლემას პოზაში, მაგას ვნახავთ, ბოლოს სირაქლემას თავი დარჩება მიწაში და ტანი დაეცემა უსულოდ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძის თქმით, თუ მივდივართ დელეგიტიმაციის გზით, უნდა წავიდეთ ბოლომდე დელეგიტიმაციის გზით, რადგან „რა აზრი ქონდა საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას, თუ მერე საკრებულოს მანდატისთვის იწყებ ბრძოლას, ამაში ლოგიკა არ არის“.
„ბოიკოტი თავისთავადი პოლიტიკური პოზიციაა. საუბრობენ იმაზე, რომ „ბოიკოტის მერე რა მოხდება?“ და ს მერე რა მოხდება? დავუშვათ ავირჩიეთ თბილისის მერად „ლელოს“ წარმომადგენელი და უკეთესად იმუშავა დასუფთავების სამსახურმა, ეს არის ჩვენი ამოცანა? მაგრამ ბოიკოტის ამოცანა ვიცი რაც არის, ეს არის რეჟიმის არაღიარება, დელეგიტიმაცია. დელეგიტიმიზირებული რეჟიმი კარგავს საშინაო სუვერენიტეტს და ამას ემატება საგარეო სუვერენიტეტის დაკარგვაც და როცა ასეთი მოცემულობა იქნება, რეჟიმი დაემხობა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.