გედევან ფოფხაძე – თუ ადგილობრივ არჩევნებზე გავდივართ, ავტომატურად ლეგიტიმაციას ვცნობთ, რადგან ეს მათი არჩევნებია – „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატები 100%-ით სუს-თან თანხმდება

თუ ჩვენ გავდივართ ადგილობრივ არჩევნებზე, ავტომატურად ყველაფრის ლეგიტიმაციას ვცნობთ, ვამბობთ, რომ რეჟიმი ლეგიტიმურია. ეს არ არის თავისუფალი , ეს არის მათი არჩევნები , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
გედევან ფოფხაძის განცხადებით, 100%-ით სუსთან თანხმდება „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატი და „თუ შენ წინააღმდეგობაში შედიხარ, ოპოზიციაში სვამენ სუს-ის კანდიდატს“.
„ჩვენ თუ ვამბობთ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია და ამ პარლამენტის პირობებში გავდივართ ადგილობრივ არჩევნებზე, მაშინ პარლამენტის ბოიკოტი, დაჭრილი მანდატები და საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმა, ყველაფერი ეს არის წყალში გადაყრილი. თუ ჩვენ გავდივართ ადგილობრივ არჩევნებზე, ავტომატურად ყველაფრის ლეგიტიმაციას ვცნობთ, ვამბობთ, რომ რეჟიმი ლეგიტიმურია. ეს არ არის თავისუფალი არჩევნები, ეს არის მათი არჩევნები.
ჩვენ გვაქვს ავტორიტარული რეჟიმი, სადაც სუს-ი ბატონობს. ყველგან სუს-ი ბატონობს, ყველგან სუს-ის აგენტურაა. მე ხომ ეს ვიცი, „ოცნებაშიც“ ვიყავი და მაქვს გამოცდილება, რომ სუს-თან ერთად საკრებულოს წევრების დამტკიცების ხელშეკრულებაზე მომაწერინეს ხელი. ვინ ეკითხებოდათ მათ? ერთი პირი თქვენ გქონდეთო, დამიტოვეს. სუს-ის თანამშრომლებმა მოაწერეს ხელი 2017 წლის საკრებულოს სიაზე, ვინ უნდა ყოფილიყო ბორჯომში საკრებულოს კანდიდატები. 100%-ით სუს-ი აკომპლექტებს საარჩევნო კომისიებს, 100%-ით სუსთან თანხმდება „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატი და თუ შენ წინააღმდეგობაში შედიხარ, ოპოზიციაში სვამენ სუს-ის კანდიდატს. თუ ამ ბოროტებას თავს არ მოვჭრით და დავამთავრებთ,იმის იმედზე ყოფნა, რომ რეგიონებიდან წამოვა პროტესტი, გამორიცხულია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
რაც შეეხება პლებისციტის ჩატარების ინიციატივას, გედევან ფოფხაძის თქმით, ეს ინიციატივა არ არის ადეკვატური, რადგან გაყალბებული არჩევნების შემდეგ რომ პოლიტიკური მოცემულობა უნდა შეიცვალოს, ამას პლებისციტი არ სჭირდება.
„პლებისციტი ჩემთვის გამორიცხული თემაა და მიუღებელია აბსოლუტურად. მე მაგაზე სალაპარაკოდ არც დავჯდები არავისთან. მგონია, რომ არანაირად არ არის ადეკვატური. არანაირი პლებისციტი, არც იურიდიულად და არც პოლიტიკურად არავის არაფერში არ ჭირდება. ის, რომ გაყალბებული არჩევნების მერე უნდა შეიცვალოს პოლიტიკური მოცემულობა და შეიცვალოს უპირობოდ, ამას პლებისციტი არ ჭირდება. ეს ჩემთვის კომპრომისი არ არის, როცა 50 უკანონო პატიმარი გვყავს და გაყალბებული არჩევნებითაა პარლამენტი არჩეული“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კითხვაზე, „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის ხელახალი არჩევნები რომ დანიშნოს, რამდენად მზად ხართ და რა შედეგს დადებთ?, გედევან ფოფხაძე პასუხობს, რომ „ხელისუფლებას [ახალი] არჩევნების გაყალბება შეუძლია“.
„ჩვენ ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს. ძალიან კარგად მესმის, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება შეუძლია. სააკაშვილსაც რომ მოენდომებინა, ჩვენ ვერ დავიცავდით [ხმებს]. ჩვენ ვითხოვთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, ჩვენ ვითხოვთ, რომ საზოგადოებაზე ტერორი შეწყდეს. ჩვენ ამ კუთხით უფრო გავზრდით კონტროლს,რომ მეტი მტკიცებულება დავდოთ, მაგრამ ეს მტკიცებულებებიც შემდეგ ვიღაცის მხრიდან ადეკვატურად უნდა შეფასდეს. მე არ ვამბობ, რომ „ოცნება“ ყველაფერზე უარს იტყვის, მაგრამ ერთ ელემენტარულ რაღაცაზე რომ ყოფილიყო შეთანხმება, რომ არჩევნები ფარული მაინც ყოფილიყო, მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებს მოვიგებდით, მაგრამ „ოცნებამ“ყველა პრინციპი დაარღვია არჩევნებთან მიმართებაში. 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიშა სააკაშვილმაც იგივე აკეთა, რომ შეენარჩუნებინა ხელისუფლება. „ქართული ოცნებაც“ ამ სტანდარტზე გავიდა და ცოტა მეტიც ჩაიდინეს. ჩვენ თუ არ გვეყოლება სათანადო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და პოლიცია სუსი და ადმინისტრაციული რესურსი ცოტათი მაინც არ იქნება განეიტრალებული ასეთი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება. ჩვენ უბრალოდ ახალ არჩევნებს არ ვითხოვთ, ეს იქნება გამეორება ძველი არჩევნების, ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს, რომელიც მართლა არჩევნები იქნება. თუ იქნება ასეთი არჩევნები, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ და ივანიშვილი და მთელი მისი გარემოცვა ჩაბარდება ისტორიას“, – განაცხადა გედი ფოფხაძემ.