“გეგმაში გვაქვს, რომ გაზაფხულზე ქართველი მომხმარებლებისთვის ხაზი გამოვუშვათ” – “ქისა”

ქართული ტრადიციული ქისის ინსპირაციით, ტყავის ჩანთების მწარმოებელი “ქისა” ქართველი მომხმარებლებისთვის ხაზის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან ბრენდის დამფუძნებელმა, ეკატერინე რამიშვილმა ისაუბრა.
“ქისა” ქართული ბრენდია, რომელიც ქართული ტრადიციული ქისის ინსპირაციით, ტყავის ჩანთებს აწარმოებს. პირველი ასეთი პროდუქტი “ბრენდმა 2018 წელს შექმნა და ექვსი წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო წარმატებაც მოიპოვა.
რამიშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის მათი წარმოება სრულად ექსპორტზეა ორიენტირებული და პროდუქცია ონლაინ, საკუთარი ვებგვერდისა და Etsy-ის პლატფორმის საშუალებით ხდება. თუმცა, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიამ ქართული ბაზრის ათვისებაც გადაწყვიტა, რაზედაც ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
„სტაბილური გაყიდვები გვაქვს საერთაშორისო ბაზრებზე. გაყიდვის ახალი არხი ჯერ არ დაგვიმატებია, რადგან Etsy-სა და ჩვენი პლატფორმაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ვარ ორიენტირებული. ორივე პლატფორმა მხოლოდ ექსპორტზე მუშაობს და ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა აქტიურია.
მოთხოვნა ქართულ ბაზარზეც ძალიან დიდია, შესაბამისად, გეგმაში გვაქვს, რომ გაზაფხულზე ქართველი მომხმარებლებისთვის ხაზი გამოვუშვათ, რაზედაც ახლა აქტიურად ვმუშაობთ. რათა ყველა ტიპის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ხაზი შესაძლოა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე გაიყიდოს”, – ამბობს რამიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2 წლის წინ USAID-ის გრანტი მოიპოვა, რითაც საწარმო გადააიარაღა და წარმადობა გააორმაგა. კომპანია პრემიუმ პროდუქციაზე მუშაობს, რის გამოც თითოეული ჩანთის დამზადებას დაახლოებით 3 დღემდე სჭირდება.
“პროდუქტის წარმოება დიდ დროს საჭიროებს, რათა მომხმარებლებს ის ხარისხი მივაწოდოთ, რაშიც რეალურად თანხას იხდიან და ეს თანხა ცოტა არ არის. შესაბამისად, ჩვენს თითოეულ ნამუშევარს 3 დღე მაინც სჭირდება. დღეში დაახლოებით 5 ცალ პროდუქტს ვაწარმოებთ. ნატურალური ტყავის პროდუქციის მინიმალური ღირებულება $180-დან იწყება“, – ამბობს ეკატერინე რამიშვილი.
რაც შეეხება ნედლეულს, წარმოებაში ორი ტიპის ნედლეული გამოიყენება. ძირითადი ნედლეული იტალიური ტყავია, რომელიც თურქეთიდან შემოაქვთ, ხოლო ფურნიტურა, რომლის ნაწილიც ამერიკულია, ისიც თურქეთიდან იმპორტირდება.