“გეგმავდნენ ამანათების სახით გამოგზავნილი ნარკოტიკების რეალიზაციას” – შსს-მ 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან საქართველოს, რუსეთის, ყირგიზეთისა და უკრაინის  მოქალაქეები.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები მათთვის უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად  გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების  კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რის შემდეგაც დაკავებულების დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა.
პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 311 აბი მდმა, 9 კილოგრამამდე მეფედრონი, 2 კილოგრამზე მეტი მეთადონი, 4 კილოგრამამდე ჰაშიში, 1,5კგ-მდე კლეფედრონი მარიხუანა ფსიქოტროპულ ნივთიერება კეტამინისა და ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს ნაზავი.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე,  260-ე,  260-ე კვარტა და  261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.