“ლელო ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია მიესალმება ეუთო/ოდირის მოწვევას ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად.
მისი თქმით, პარტია სრულ კოორდინაციაში იქნება ამ და სხვა სადამკვირვებლო მისიებთან.
“არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ არჩევნებს ყოველთვის ე.წ. არჩევნებს ვეძახით და კვლავაც ასე ვუწოდებთ, რადგანაც ჩვენთვის ცხადია, რომ საქართველოში არჩევნების იდეა და პრაქტიკა არის დასუსტებული, დაზიანებული. არჩევნებისადმი საზოგადოებირივი ნდობა ძალიან დაბალია და ამაზე პასუხისმგებლობა, ცხადია, რეჟიმს ეკისრება.
ამავდროულად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მივესალმები, რომ ეუთო/ოდირის შესაბამისი დამკვირვებლები იქნებიან საქართველოში. ეს არის მნიშვნელოვანი რამ, ამაზე ვმუშაობდით ჩვენც. ცხადია, ვიქნებით სრულ კოორდინაციაში, ყველა იმ მისიასთან რომელიც იქნება აქ”, – თქვა გეგელიამ.
ოპოზიციონერმა მისიის წარმომადგენლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა.
“კობახიძის ტიტუშკები ვისაც არ დაესხმიან თავს, ყველა არის უსაფრთხოდ ამ ქვეყანაში. კობახიძეს შეუძლია გააკონტროლოს თავისი ტიტუშკები და რაზმები, რომლებიც დარბიან და ხან ჟურნალისტებს ესხმიან თავს, ხან 20 წლის გოგოებს ბრილიანტის მწვანეს ასხამენ სახეში და ხან ქალებს და მოხუცებს დასდევენ ქუჩებში. აი ეს ტიტუშკები თუ იქნებიან ალაგმული, ყველაფერი უსაფრთხოდ იქნება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა გეგელიამ ბრიფინზგე.
