გდდ-ს სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა.
შაიშმელაშვილმა რადიო თავისუფლებას სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
შაიშმელაშვილი ლაგოდეხის საკრებულოში 2022 წლის აპრილიდან, ხელშეკრულებით იყო დასაქმებული.
ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ დაადასტურა, რომ ბახვა შაიშმელაშვილს ხელშეკრულების ვადა 2025 წლის 31 იანვარს ამოეწურა და მასთან ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმეს.
“ჩვენ როდესაც შაიშმელაშვილს ხელშეკრულება გავუფორმეთ, მას უნდა ემუშავა არა ვიდეო ოპერატორად, არამედ, საკრებულოს სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებაზე. ტრანსლირებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენაზე პროექტი გვქონდა დაწერილი და ევროკავშირიდან დაფინანსებას ველოდით, თუმცა ეს პროცესი უსასრულოდ გაიწელა და ბოლო პერიოდში ბუნდოვანი გახდა. ვინაიდან, სხდომების ტრანსლირებას ჯერ კიდევ ვერ ვიწყებთ, მასთან ხელშეკრულება აღარ გავაფორმეთ. მხოლოდ ვიდეო ოპერატორი არ გვჭირდებოდა. ჩვენ გვყავს თანამშრომელი, რომელიც ამ საქმეს შეითავსებს. თუ ტრანსლირების საკითხი გადაწყდა, ბახვას აუცილებლად შევთავაზებთ მუშაობას”, – უთხრა რადიო თავისუფლებას კახა ჯამბურიამ.
“ყველას ვერ გაათავისუფლებთ, ყველას ვერ დააშინებთ, ყველას ვერ გააჩუმებთ. მდაბიო პოლიტიკა გაქვთ” – ასე გამოეხმაურა ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ძმის, ბახვა შაიშმელაშვილის სამსახურიდან გათვაისუფლებას.
ირაკლი შაიშმელაშვილმა 26 დეკემბერს ფეისბუკზე გამოაქვეყნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტო და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და -ის საელჩოს საქართველოში.
მან სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა, პატაკში კი მიზეზად „ოჯახური პირობები“ დაასახელა.
პატაკი, რომელიც 3 დეკემბრით თარიღდება, მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო.
ირაკლი შაიშმელაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იმ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებმაც თავი იჩინა ბოლო წლებში საპროტესტო აქციების დაშლისას.
პოლიციის კაპიტანი დღეს შეერთებულ შტატებში სპეციალური პროტოკოლით იმყოფება.