გახარია 20 ივნისზე: ვთვლი, რომ ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მივიდა და 20 ივნისთან დაკავშირებულ საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, ფართო კონტექსტის გასაგებად საჭიროა, რომ გამოიკითხოს ივანიშვილი, რომელიც, მისივე თქმით, გავრილოვის ჩამომყვანი და პასუხისმგებელი იყო შექმნილ რისკებზე
“საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, 20 ივნისთან დაკავშირებით ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის წვდომას, იმისთვის რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ.

მე ვთვლი, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი , ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა.

მე ვთვლი, რომ უნდა გამომკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმა სწორედ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის.

მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებთ, თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი კომისია”,- თქვა მან.