გახარია: ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის

პარტია “საქართველოსთვის” ყრილობაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით განიხილავს და ამბობს, რომ “ნებისმიერი შემდგომი სთვის მოემზადებიან.”
მისი თქმით, საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარება მხოლოდ ქვეყნის მტრებისთვის იქნება სასარგებლო.
“ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის პასუხისმგებლობაც მდგომარეობს საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს. ვინც თვლით, რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგვწონს, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის კარები ღია არის”, – განაცხადა გახარიამ.
მან ასევე დასძინა, რომ საქართველოში ორი პოლუსია. ერთი, რომლებიც “მხოლოდ ეროვნულია და ოჯახის ფასეულობებს გვიხსნიან” და მეორე, რომლებიც ამბობენ, რომ “ევროპულები მხოლოდ ისინი არიან.” გახარიას თქმით, მისი პარტია ღიაა მათთვის, რომელიც არც ერთ მხარეს არ ემხრობა.
“კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ორი პოლუსი გვყავს, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას. ეს ხალხი, მერწმუნეთ, ოჯახურ ფასეულობებთან შესაძლოა, ძალიან შორს იყვნენ. მეორე პოლუსი ამბობს, რომ ევროპულები მხოლოდ ისინი არიან. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყველა, ვინც დღეს საქართველოში თვლის, რომ არც ერთი და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, მათთვის ჩვენი პოლიტიკური ძალის კარები ღიაა. ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აუხსნის, რა არის სამართლიანი წესრიგი, რას ნიშნავს პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა, როდესაც მეგობრების რაოდენობას ზრდი და არ ამცირებ. რას ნიშნავს იყო იმდენად ძლიერი და სამართლიანი, რომ ქვეყნის მტერთანაც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გამართული საუბარი შეგეძლოს”, – განაცხადა მან ყრილობაზე.
გახარიას აზრით, ქვეყანა კეთილდღეობის გზას ვერ დაადგება სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტიკური პატიმარი. ამისთვის კი, მისი თქმით, საჭიროა პოლარიზაციის და რადიკალიზაციის დაძლევა.