გახარია საქართველოსთვის დამფუძნებელი გიორგი გახარია ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებას გამოეხმაურა, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონიდან საჯარო მოხელეები ჩამოჰყავთ და აღნიშნა, რომ “საჯარო მოხელეები არიან ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ინსტრუმენტი”. მან ასევე სამთავრობო ტელევიზია იმედთან ბიძინა ივანიშვილის 21 ოქტომბრის ინტერვიუზე ისაუბრა, სადაც ქართული ოცნების დამფუძნებელი, არჩევნების შემდეგ, გახარია საქართველოსთვის წევრების გასამართლებით იმუქრება.
გახარიას ცნობით, თავისი პარტიის 25 წარმომადგენლიდან 22 საჯარო მოხელეა და ივანიშვილი სწორედ მათ უპირებს გასამართლებას.
მისივე თქმით, “არანაირი მნიშვნელობა აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ [საჯარო მოხელეებს] დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია – როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს”. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
გახარიამ განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებმა სამსახური უნდა გაუწიონ ქვეყანას და არჩევნებზე ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმა არ უნდა მისცენ.
“ჩვენი პარტიის 25 ნომრის საპარლამენტო სიის 25 წარმომადგენლიდან 22 არის საჯარო მოხელე. სპეციალურად ვამბობ არა ყოფილს, არამედ საჯარო მოხელეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლებია ქართულ სახელმწიფოს ემსახურებიან. ზუსტად, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ივანიშვილი, საპატიო თავმჯდომარე, ორი დღის წინ გასამართლებით დაემუქრა. დღეს, იგივე ივანიშვილი, ჩემდა სამწუხაროდ, ათობით ათას საჯარო მოხელეს ჩამოიყვანს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში, პარტიული აქციის ჩასატარებლად, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა ნაციონალური მოძრაობა და, პერსონალურად, სააკაშვილი, რომელიც საჯარო მოხელეებს, აი ასე, დაატარებდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში და იყენებდა მხოლოდ პარტიული ინტერესებისთვის.
საჯარო მოხელეები არიან ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ინსტრუმენტი ან ცალკე აღებული ადამიანის პირადი ინტერესების განმახორციელებელი ინსტრუმენტი.
ამიტომ მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს ძალით ჩამოიყვანენ თბილისში და მინდა ვუთხრა მათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ [საჯარო მოხელეებს] დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია – როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს.
მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში, ძალიან ბევრჯერ შეასრულეს ამ ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი როლი. 2008 წელს, 2012 წელს მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლოს, ჩვენ ერთად ვებრძოდით პანდემიას და ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მე მინდა გითხრათ,რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ ნაწყენებიც ხართ და გაბრაზებულებიც ხართ იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებამ თქვენ გამოგიყენათ არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ინტერესებისთვის, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახსნა როგორი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გვეყოლება სრულად პროპორციულად არჩეული პარლამენტი და მაშინ, როცა ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევქმნათ კოალიციური მთავრობა. ამ დროს პოლიტიკურად დამოუკიდებელი, ნეიტრალური საჯარო სექტორი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყნის და სახელმწიფოს განვითარებისთვის.
ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, კიდევ ერთხელ გაუწიოთ სამსახური ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ არევნებზე, არ უნდა მისცეთ ხმა „ოცნებას“, რომელიც თქვენ გიყენებთ თავის პარტიულ ინტერესებში და გეუბნებათ, რომ, რადგან ხელფასს იღებთ ბიუჯეტიდან, მე უნდა მომცე ხმა ან უნდა წამოხვიდე და დადგე აქციაზე. არ უნდა მისცეთ, ასევე, ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ზუსტად ასევე იქცეოდა და ვერაფერი ვერ ისწავლა. მიეცით ხმა ნებისმიერ სხვას, რომელსაც თქვენი გონება და გული გიკარნახებთ!
თუ ხმას მოგვცემთ ჩვენ, ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახსნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის წინსვლისთვის დამოუკიდებელ, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ საჯარო სექტორს და ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენ ვიქნებით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მისცემს საჯარო სექტორს იმას, რასაც უკვე ათწლეულებია იმსახურებს, ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ისეთ საჯარო მოხელეებს, რომლითაც იამაყებს საქართველოს მოქალაქეებიც და ქვეყანაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.