„გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ პრეზიდენტთან კონსულტაცია გაიარეს და „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს უერთდებიან და იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.
თუმცა რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე ს ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის.
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს.
გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო მიზანს. ასეთი მიზანი დღეს ყველა ჩვენგანისთვის, პირველ რიგში არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამიტომ, უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად. არჩევნების დაცვის და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში, პრეზიდენტის როლი, როგორც ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტის, არის გადამწყვეტი“ – აცხადებენ პარტიაში.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ.
„პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად“, – აცხადებენ პარტიაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.
პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.
ოპოზიციური პარტიები „ქართულ ქარტიას“ხელს დღეს, 1 ივნისს, მოაწერენ.

ასევე დაგაინტერესებთ