„გახარია საქართველოსთვის“ მთავრობას მოუწოდებს, ამნისტია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსაც შეეხოთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაანონსებული ამნისტია რუსული კანონის გაპროტესტების გამო დაკავებულ და დაჯარიმებულ ყველა ადამიანს შეეხოს.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უსამართლობაა ამნისტია შეეხოს რეალურ დამნაშავეებს და არ შეეხოთ მათ, ვისი ერთადერთი „დანაშაული“ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა.
„ჩვენი გუნდი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონის არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს! ამნისტია ჰუმანური აქტია და ჰუმანურობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. რაც უფრო მეტ ბრალდებულს შეუმსუბუქდება მდგომარეობა სამართლიანად, მივესალმებით. ამასთან, ნებისმიერი ამნისტია უნდა იყოს სამართლიანი. უსამართლობაა ამნისტია შეეხოს რეალური დანაშაულის ჩამდენ პირებს და არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა. ციხიდან პატიმრების მასშტაბურმა გამოშვებამ არ უნდა გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა და დანაშაულის განმეორება, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ვხედავთ ძალადობის აშკარა მატებას, სრულ განუკითხაობას ქუჩაში, კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნებას, კრიმინალებთან ხელისუფლების პირდაპირ თანამშრომლობას,“ — აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დააფიქსიროს ღია და მკაფიო პოზიცია, რომ ამნისტია არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ მოცემულ პირობებს გაითვალისწინებს და ასევე, წარადგენს კვლევას, რომ ამნისტიის შემდეგ მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობა არ გაუარესდება, „გახარია საქართველოსთვის“ მზად იქნება დაანონსებულ ამნისტიას მხარი დაუჭიროს.
„ხელისუფლებამ ადამიანებს დაუკარგა უსაფრთხოების განცდა – ორი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ „გლოვოს“ კურიერს, რამდენიმე კვირის წინ 19 წლის ახალგაზრდა უბნის ე.წ. „მაყურებლებმა“ ცემით მოკლეს. შესაბამისად, სამართლიანი ვერ იქნება ამნისტია, რომელიც არ არის დაფუძნებული ანალიზზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ „ოცნების“ მიზანი ჰუმანურობაა და არა ამომრჩევლის მოსყიდვა და საარჩევნოდ ხმების მობილიზება, მოვუწოდებთ: წარმოადგინოს სანდო კვლევა, რათა ამნისტიის გადაწყვეტილება კრიმინალის კიდევ უფრო ზრდის და მოქალაქეების უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე არ იქნეს მიღებული;
ამნისტია შეახოს რუსული კანონით დაზარალებულ პირებს და მოახდინოს ამ ადამიანების სრული სამართლებრივი რეაბილიტაცია;
დააფიქსიროს ღია და მკაფიო პოზიცია, რომ ამნისტია არ შეეხება მიხეილ სააკაშვილს. ამნისტიის სამართლიანობის ამ წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზად ვართ, განვიხილოთ „ოცნების“ მიერ დაანონსებული ამნისტიის მხარდაჭერის საკითხი, დანაშაულების სიმძიმის და კატეგორიების გათვალისწინებით’, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
28 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა მ პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამნისტიის კანონის მიღებას გეგმავს.
როგორც ამბობს, ამნისტიის კანონს სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე 1 თვით ადრე, მიიღებენ.
მისი თქმით, ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 000-მდე პატიმარია და მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს მათი რაოდენობა.
„უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციიროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ, ალბათ, ივლისში რიგგარეშე სესიაზე საუბარი მოგვიწევს, სადაც საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს კითხვა ამნისტიის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ დაუსვა.
თავის მხრივ, „გირჩს“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი აქვს დარეგისტრირებული, რომლის მიღების შემთხვევაშიც, სასჯელი თითქმის ყველა პატიმარს შეუმცირდება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში არიან მსჯავრდადებულნი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია