„გახარია საქართველოსთვის“: ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, ამ ეტაპზე „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ შეთანხმება ვერ შედგა.
განცხადებაში, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია. პარტია მადლობას უხდის „ლელოს“ და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ ამ მ ეტაპზე შეთანხმება ვერ შედგა.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი.
ასე იყო წარსულში – ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს – ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში.
აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია.
საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – წერია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.
გახარიას პარტია იმედს გამოთქვამს, რომ „ლელოსთან“ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ითანამშრომლებს.
„ჩვენსა და “ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ საარჩევნო სუბიექტად გაერთიანებისკენ მოუწოდა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის პარტიებს.
„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის (“ძლიერი საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის”) ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, – თქვა პრეზიდენტმა 16 სექტემბერს.
ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ