საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „პატარა მშიშარა ბიჭებს, ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ“.
თუმცა გახარია არ აკონკრეტებს, „ქართული ოცნების“ რომელ წარმომადგენლებს გულისხმობს „პატარა მშიშარა ბიჭებში“.
„მე ხომ ზუსტად ვიცი, ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება. ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციები აღარ არის საკმარისიო, იმისთვისო, რომ პროცესი ვმართოო. ეს რას ნიშნავს? – ეს ნიშნავს იმას, რომ მოსმენებით მიღებული ინფორმაციაც და ამ სამი კაცისგან მოტანილი ცნობებიც აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვთ ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს რა არის? – პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა”, – ამბობს გახარია.
გახარიამ ივანიშვილს დებატები კიდევ ერთხელ შესთავაზა. თუმცა როგორც ის ამბობს, ადამიანი, „რომელსაც ბევრი კარგიც გაუკეთებია, ამ პატარა, მშიშარა, კორუმპირებული ბიჭების დასაცავი გახდა“.
გახარიას თქმით, „ეს პატარა მშიშარა ბიჭები“ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ივანიშვილს შეუქმნან ისეთი აღქმა, რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხთან პირისპირ სალაპარაკოდ არ დაჯდეს და მათი „უსუსურობა და კორუმპირებულობა“ ნათელი არ გახდეს.
ამასთან, გიორგი გახარია „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამარცხებული ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.
„ივანიშვილი დამარცხებული უნდა იყოს საქართველოში, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბევრად უკეთესი ოპოზიცია იქნება. საქართველოდან წასული ხალხი ვინც არის, ისინი უკან უნდა დავაბრუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.