გახარია ოცნების გადაწყვეტილებაზე: გუშინდელი დღე უახლეს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება

გახარია საქართველოსთვის ლიდერის გიორგი გახარიას შეფასებით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესების ღალატია. ეს განცხადება მან ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ გუშინდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება.
გიორგი გახარიას თქმით, ევროპული განვითარების გზაზე ორი მიზანია – ახალი ს ჩანიშვნა და კონკრეტული უწყებების ადმინისტრაციების ცვლილება. ამასთან, ის ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მუდმივი მშვიდობიანი პროტესტი. მან საერთაშორისო პარტნიორებს საზოგადოების მხარდაჭერისკენ და მოქალაქეებზე ძალადობაზე, არჩევნების გაყალბებასა და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
“გუშინდელი დღე, ჩვენდა საუბედუროდ და სამწუხაროდ, საქართველოს უახლეს ისტორიაში დარჩება როგორც შავი ლაქა. 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბების მოპარვის შემდეგ, ქართული ოცნება შევიდა ანტიკონსტიტუციური ქმედებების სპირალში – ეს იყო პარლამენტის სხდომის პირველი უკანონო დღე, უკანონოდ დამტკიცებული მთავრობა, უკანონოდ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, შემდეგ უკანონოდ პრეზიდენტის არჩევის, ყველაფერმა ამან მიიღო როგორც საქართველოს მოქალაქეების პროტესტი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი შეფასებები და ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ლეგიტიმაციის ჰაერში ჩამოკიდებამ საბოლოო ჯამში ქართული ოცნება მიიყვანა ყველაზე მძიმე ნაბიჯამდე – ეს იყო გაცხადებული, კოლექტიური სახელმწიფოს ინტერესების ღალატი, რომელიც განხორციელდა პირდაპირ ეთერში, ივანიშვილის დავალებით, უკანონოდ არჩეული პრემიერის მიერ, რომელმაც ფაქტობრივად თქვა, რომ ოცნების გადაწყვეტილებით, ისინი აჩერებენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.
რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი საქართველოს მოქალაქის უპირველესი ვალია, რომ დღეს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ყველამ ვიზრუნოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური ევროპული განვითარების გზაზე და მინდა გითხრათ, რომ ამ გზაზე ჩვენი მიზანია:
1. მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი
2. პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა მივაღწიოთ და არჩეულ იყოს ს, სუს-ის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შემდგომ არჩევნებს არ ექნება არანაირი აზრი და ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს, დავიბრუნოთ არჩევნები, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი უფლება მხოლოდ ამ ადმინისტრაციებიც ცვლილებით
ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება პირველი – და აუცილებლად მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ ყველას, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რომ ეს პროტესტი იყოს მრავალი, ბევრი, სისტემური და მთელი ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი,
მეორე – მივმართავთ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უკანონოდ დანიშნულ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები გამოიყენონ არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მაგალითად მე ვგულისხმობ უვიზო რეჟიმის შეჩერებას, არამედ კონკრეტულად, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, გაყალბებაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და რაც მთავარია, საქართველოს იმ მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ თბილისის ქუჩებში იცავდნენ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს”, – თქვა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მან მხარდაჭერა გამოუცხადა გუშინ საპოლიციო ძალების მიერ საპროტესტო აქციაზე ძალადობრივად დაშლის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს და დაკავებულ, დაზარალებულ აქტივისტებს.
“ამ კონტექსტში მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო პირველ რიგში ჟურნალისტთა კორპუსს, რომელიც იცავდა გუშინ მთელი ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად, ბრძოლით საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მომავალს და ჩვენი გუნდის და არა მხოლოდ ჩვენი გუნდის იმ დაკავებულ, დაზარალებულ აქტივისტებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ იძულებულნი გახდნენ, ქუჩაში დაეცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი”, – თქვა გიორგი გახარიამ.