პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის გიორგი გახარიას თქმით, საპარლამენტო მანდატებს პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იტოვებს.
ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში გააკეთა.
გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს ფინანსური მხარდაჭერის ნაწილი, დაფინანსების სახით, რომელიც მოქალაქეებმა არჩევნების გზით მის პარტიას მიანიჭეს და არ იყოს დამოკიდებული ფინანსურ ჯგუფებზე და ბანკირებზე.
“ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს. ყველას შეუძლია თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით [მუშაობა], მაგრამ არის ეროვნული საკითხები, სადაც პოზიცია უნდა დააფიქსირო. ეროვნული საკითხი გახლავთ ის, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია აქვს, თუ არ აქვს?! მე გეუბნებით, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ. წერტილი. მე ამას როგორ ვაკეთებ, სიების არ ჩახსნით და ისე ლეგიტიმაციის არ მიცემით თუ სხვა ფორმით, ვისი რა საქმეა?
მე გეტყვით, რა არის მნიშვნელოვანი – მე ვინარჩუნებ [მანდატებს] იმისთვის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა და ის, რაც ჩვენ, მოქალაქეებმა მოგვანიჭეს, იმის ნაწილი მაინც დაფინანსების სახით რომ მივიღოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ბანკირებზე, ფინანსურ ვიღაც ჯგუფებზე და არ ვიყო დამოკიდებული კონკრეტულ ტელევიზიებზე, არ ვგულისხმობ არავის, რომელთა უკანაც კონკრეტული პარტიები, ბანკები, ფინანსური ჯგუფები დგანან.
ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა პოლიტიკურად არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ამით ვემზადები შემდგომი ბრძოლებისთვის და ვიღაცას თუ ბევრჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ღმერთმა შეარგოს”, – თქვა გიორგი გახარიამ.
