გახარია: მადლობას ვეტყვი გიორგი ბაჩიაშვილს, თუ ის მართლა აფინანსებს პროტესტს

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სოლიდარულია ს “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ. ასე ეხმაურება ის ბაჩიაშვილის სისხლისსამართლებრივ დევნას.
გახარიას შეფასებით, “ქართული ოცნების” პირობებში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების ბრალდებებზე იმის შესახებ, თითქოს ბაჩიაშვილი “პოლიტიკურად გააქტიურდა” და აფინანსებს აქციებს.
“გიორგი ბაჩიაშვილი თუ პროტესტს აფინანსებს, მე მხოლოდ და მხოლოდ მადლობას ვეტყვი ამაზე მას. იმიტომ, რომ დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ სხვაობებს. ჩვენ უნდა დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო. ეს ერთი. მეორე – ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ორ კვირაში აამოქმედა და გამოიყენა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რომლის გამოძიებასაც წლები მიაქვს და საერთოდ არანაირი რეაქცია [არ მოყვება]. როგორც კი ბიტკოინებს და თავის ფულს შეეხო საკითხი, პროკურატურა გამოიყენა ზუსტად ისე, იხმარა ის პროკურატურა ზუსტად ისე, როგორც მის ფინანსურ და ფულის ინტერესებს სჭირდებოდა და დაიწყეს დევნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც არანაირი ნდობა არ არსებობს იმ პროკურატურასთან, რომელიც დასისხლიანებულ ადამიანებს… მალავს მტკიცებულებებს, იმ მართლმსაჯულების სისტემასთან, რომელიც მოძალადეებს ნიღბის წამოცმის შესაძლებლობას აძლევს, რომ სცემონ უდანაშაულოდ ადამიანები, რაზეა საუბარი?! რა თქმა უნდა, მე სოლიდარული ვიქნები და მხარს დავუჭერ გიორგი ბაჩიაშვილს და მადლობას ვეტყვი მას, თუ ის მართლა აფინანსებს ამ პროტესტს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ფასეულობა არის ფული. ის ამტკიცებს, რომ ივანიშვილი არის ხარბი ადამიანი და თუ დასჭირდა, ქვეყნის მომავალს გადააყოლებს ფულსა და ძალაუფლებას.
“პერსონალურად ივანიშვილმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული … ხომ ხედავთ?! ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, უბრალოდ, შეგვჭამეს- ხან შვეიცარიულ ბანკებში ფული, ხან ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ფული და ბიტკოინები, აი, ფული, ფული, ფული… ამ ადამიანმა ფულის მოხვეჭას და ფულის დაცვას თუ არ ვიცი, რა დავარქვა, გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მომავალი […] როცა სჭირდება, ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირებს დააყენებს და ალაპარაკებს მის კერძო დავაზე და მილიარდებზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მეორე დღეა თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროცესი. პროკურატურის ვერსიით, დაზარალებული მხარე ბიძინა ივანიშვილია.
საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად. როგორც ის ამბობს, სისხლის სამართლის დევნის დაწყების შემდეგ მის ადვოკატს ივანიშვილის წარმომადგენელმა წერილი მისწერა, სადაც მისგან დიდი ოდენობის თანხის ბიტკოინებს ითხოვდა, რაზეც მან უარი განუცხადა.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 2023 წლის ივლისში დაიწყო.
ამავე თემაზე:
· ბაჩიაშვილი აქვეყნებს წერილს, სადაც მისი თქმით, ივანიშვილი ბიტკოინებს ითხოვს
· ივანიშვილი მე მთავაზობდა, რომ “რუსთავი 2” გამეფორმებინა – ბაჩიაშვილი
· შათირიშვილამდე მე მთავაზობდა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას – ბაჩიაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნიკა კაციას ორჯერ მოუწია ცივი წყლით ბანაობა, საკანში გაუთიშეს გათბობა – რაც შეეხება კვების ეპიზოდს, უფრო წარსულს ეხებოდა, საკვები არ ხვდებოდა ან „წყალწყალა“ საჭმელი მიჰქონდათ

ვეფხია კასრაძე – შეიძლება მალე „ზებრებმა“ და „პინგვინებმაც“ გაასამართლოს ხალხი, თუ ეს კლოუნადა არ შევაჩერეთ – საზოგადოების უპირველესი დაკვეთა პატიმართა საქმეების გადახედვა უნდა იყოს

თორნიკე შარაშენიძე – თუ ტრამპმა უცებ გადაწყვიტა, „არ მომწონს, როგორ იქცევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, ისეთი ხისტია, შეიძლება მძიმე სანქციები გამოისროლოს და ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავროს