გახარია: ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალადა, შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ფაქტია, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, ეს არაა მხოლოდ აღქმები, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. და ის ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არ მომხდარა სამწუხაროდ, გუშინ და არ მომხდარა ერთ დღეში. ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით, ვსაუბრობდით ფაქტებით, მტკიცებულებებით, რომელიც გადავეცით ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს, ლოკალურ საერთაშორისო მისიებს”, – აღნიშნა გახარიამ.
გიორგი გახარიას შეფასებით, სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეებზე და სოციალურად დაუცველებზე ზეწოლასა და დაშინებას.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ იზიარებენ და მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის შეფასებით, დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. მათივე განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.
განსაკუთრებულად დაძაბული ვითარება იყო მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც დამკვირვებლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, დაფიქსირდა მარკირების პროცესის დარღვევა, საარჩევნო ყუთებში საარჩევნო კონვერტების ჩაყრა და სხვა დარღვევები. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო თბილისის რამდენიმე უბანზეც, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები დადიოდნენ და ოპოზიციონერ მხარდამჭერებს თუ დამკვირვებლებს უპირისპირდებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ