პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მოზარდებზე “პროპაგანდის მავნე ზემოქმედება” მართლა პრობლემაა, თუმცა ეს არ არის საქართველოს პრობლემა, არამედ გლობალურია.
“ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის პროპაგანდა. ჩემთვის პერსონალურად – ბავშვებზე, მოზარდებზე პროპაგანდის მავნე ზემოქმედება მართლა პრობლემაა, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ პროპაგანდის მავნე ზემოქმედების საკითხს ბავშვებზე ოცნება საარჩევნო სპეკულირებისთვის, თაღლითურად იყენებს, მე უბრალოდ ვხედავ და ვთვლი, რომ ის სერიოზული საკითხი – ბავშვებზე პროპაგანდის მავნე ზემოქმედება, ჰაერში იქნება ჩამოკიდებული”. – ამბობს გახარია.
მან ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას ჩაკითხვაზე, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა არ დგას, გახარიამ უპასუხა:
“ბავშვებზე პროპაგანდის მავნე ზემოქმედება ეს არ არის საქართველოს პრობლემა, გლობალური პრობლემაა და ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ევროპული სახელმწიფო სახელმწიფო ბავშვებს მსგავსი პროპაგანდისგან იცავს – სკოლაში…. იქ ბევრი სხვადასხვა თემაა, არ არის მხოლოდ LGBT პროპაგანდის თემა, ბავშვები ჩვენ ყველანაირად ამ პროპაგანდისგან, ნებისმიერი სახის პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ. ახლა მარტივად რომ გითხრათ, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გუშინწინ მოგვიტანეს GOOGLE-ის ანალიტიკის მონაცემები, უბრალოდ შეხედეთ, რა ხდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოდან წასულ ძებნის მოთხოვნებში LGBT საკითხზე, ჰაერშია ასული, რატომ? მარტივ მაგალითს გეტყვით, მაგალითად იმედი, თუკი სადმე ევროპაში პრაიდი ყველაზე არაერთმნიშვნელოვანი ფორმით მომხდარა, ყველაფერი მოკრიფეს მთელი მსოფლიოდან, მოიტანეს და პრაიმტაიმში გაუშვეს”.
მისივე თქმით, ქართულ ოცნებას რომ მართლა ადარდებს აღნიშნული თემა, პროფესიონალებს “ჩუმად შეკრებდა” და როგორც სახელმწიფო ამ საკითხს მოაგვარებდა.
“პირველი რა გამახსენდა, იცით? 2021 წელს სასკოლო კვება თავიდან ბოლომდე შეკრული გვქონდა, იმისთვის რომ 2022 წელს კვების პროგრამა გაგვეშვა, რა გააკეთეს? უბრალოდ გადადეს არჩევნებისთვის. მე ხომ ვიცი ეს ტექნოლოგია, როგორ კეთდება. და როდესაც ვხედავ ბავშვების საუკეთესო ინტერესების მაგივრად… ჩემი 14 წლის შვილის, რომელსაც მე სხვადასხვა მეთოდით ამ გლობალური ქსელის მავნე ზემოქმედებისგან ვცდილობ, რომ დავიცვა, ეს პირველ რიგში ოჯახში კეთდება, სკოლაში კეთდება, მაგრამ ამის მაგივრად ეს ყველაფერი წესრიგში მოვიდეს და ფორმა მიეცეს, როდესაც ვხედავ არჩევნების წინ კეთდება… ეს რომ ოცნებას აღელვებდეს, პროფესიონალებს შეკრებდა ჩუმად, პოლიტიკური დებატების საკითხად კი არ აქცევდა, ნახავდა საუკეთესო გამოცდილებებს, ამაზე იმსჯელებდა და როგორც მთავრობა, თუ რაიმე პრობლემაა, ამას მოაგვარებდა”. – ამბობს გახარია.
25 მარტს მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ქართული ოცნება აინიცირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას” შეეხება.
“გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები დავაინიციროთ, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. ამის შემდეგ, ახლო მომავალში, ჩვენ კანონებში შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებსაც დავაინიცირებთ, რომელიც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს […] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მისი მხარდაჭერა ახლა თუ არა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ხოლო კანონებში ცვლილებებს კი, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მეტი კონკრეტიკა იქნება, ამ წელს გარანტირებულად მივიღებთ”. – თქვა მდინარაძემ