პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ზაზა თავაძე პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ თავის პროფესიულ საქმიანობას, კერძოდ კი საადვოკატო-საკონსტულტაციო საქმიანობას უბრუნდება.
“დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას — ვისაც მოსწონდა, ან მეტიც, არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა. თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც, ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი.
დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი — ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის. მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემატკივრად”- წერს თავაძე.




