გახარიას პარტია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანონ

გიორგი გახარიას პარტია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ. პარტია ასევე მოუწოდებს ქართულ ოცნებას, “უზრუნველყოს კანონმდებლობის აღსრულება და არ მისცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება”. როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, “მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენისა და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა”.
“გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი „ოცნება“ და რომელიც ტარდება კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „იმედი“, გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა ნაციონალური მოძრაობის ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს. სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაცია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილის დარბეული ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით. უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს „ოცნება“. ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის სთვის ერთი მხრივ, დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი „ნაცმოძრაობით“ საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება. მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარ მიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ახალი წლების შემდეგ მაინც). ასევე, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულება და ნუ აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის და მონაწილეობის უფლებას”, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.