პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებს სურსათის ფასების შემსწავლელ კომისიაში, რომლის შექმნასაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში გეგმავს.
ამის შესახებ გახარიას პარტიის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს საკითხი [სურსათის ფასები], რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის. მე არ ვიცი როგორ დაარეგულირებს სუსი ფასებს საქართველოში, ნუ სასაცილო არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ იმ კომისიაში, რომელიც შეიქმნება პარლამენტში, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი არის ყველა კითხვას გაეცეს პასუხი: სურსათის ფასებზე როგორ დგება ფასი? კრედიტზე როგორ დგება განაკვეთი? საწვავზე როგორ დგება ფასი? ვის შემოაქვს საწვავი? ვინ არის ამ ქვეყანაში, მაგალითად, ელექტროენერგიის იმპორტიორი? ვის შემოაქვს ამ ქვეყანაში გაზი? პირობითად ვამბობ, ვის შემოაქვს ამ ქვეყანაში ხორბალი? როგორ დგება, მაგალითად, პურის ფასი? რა ღირს, სადაც ყიდულობენ? რამდენი არის დღგ, იმპორტის გადასახადი… რადგან გაიხსნა ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას და ეს საკითხი დარჩეს ისე, რომ ერთმა ქსელურმა მარკეტმა მეორე ქსელური მარკეტი ჩაძიროს, სუსი და მთავრობა გამოიყენოს, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს საქართველოში სურსათის ფასებთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კობახიძე აღიარებს, რომ საქართველოში სურსათი ბევრად ძვირია, ვიდრე ევროპაში და საქართველოში კარტერულ შეთანხმებაზე საუბრობს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სასურსათო პროდუქტების ფასების ფორმირების პროცესის შესასწავლად პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება.
პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა სახის კომისიის შექმნას გულისხმობს, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის გარდა, ასევე ითვალისწინებს სხვა დროებითი კომისიების შექმნას. დროებითი კომისია არის „საპარლამენტო საქმიანობის დროებითი სუბიექტი, რომელიც იქმნება საზოგადოებრივი მნიშვნელობის იმ არამუდმივი ამოცანის შესრულების მიზნით, რომლის შესრულებაც საკითხის კოლეგიურ შესწავლასა და გადაწყვეტას საჭიროებს“. დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადას. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადაზე ნაკლები ვადით შექმნილი დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გააგრძელოს პარლამენტმა დროებითი კომისიის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.




