გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აინიციირებს.
პარტიის განცხადებით, საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ.
„საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ოცნების რეჟიმის მიერ კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი, „ოცნებაში“ კი სრული პანიკა და ისტერიკა გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მათი ბრალეულობის შესახებ. იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომ დღის წესრიგში დგება ამ საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნა. ხალხმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის მიერ მოხდა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევაზე ბრძანების გაცემა? ეს იყო სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
გახარიას პარტიის განცხადებით, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.




