პარტია გახარია საქართველოსთვის დამოუკიდებელ დეპუტატ, თეონა აქუბარდიასთან ერთად პარლამენტში ქართული ოცნების მიერ რეგისტრირებულ უცხოური აგენტების რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს – “ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” აინიცირებს.
ლილუაშვილის განცხადებით, ალტერნატიული კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და ცდილობს, რუსეთის ინტერესებით შეცვალოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნები.
მისივე თქმით, კანონი მიემართება ყველას, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“ამ გამოსვლის შემდეგ, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთან ერთად აინიცირებს ოცნების მიერ დარეგისტრირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ანუ ე.წ. რუსული კანონის ალტერნატიულ კანონპროექტს, კერძოდ, “ოკუპანტი სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ”.
ალტერნატიული კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოადგენს ოკუპანტი ქვეყნის ძალას და რუსეთის ინტერესებით ცდილობს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნების შეცვლას ან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ღიად/ფარულად ჩარევას. კანონი ეხება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.
მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ ქართულ ოცნებას კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ ძალიან კარგად აჩვენა, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული ოცნება, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს.
ლილუაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის გავლენის აგენტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა გამოცხადდეს.
“მაშინ, როდესაც თითქოს გამჭვირვალობის მიზეზით, ოცნება იცავს მის კანონს, სინამდვილეში არათუ ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტ სახელმწიფოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, არამედ, ოკუპანტ ქვეყანაზე მეტად, ერჩის და ემუქრება სტრატეგიულ პარტნიორებს.
მერე გამოხვალთ და ტყუილს დაარქმევთ იმას, რასაც ამ კანონს საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ თავად დაარქვა რუსული! ამიტომ “არა, არ არის რუსულის” ძახილის ნაცვლად, თუ ვინმეს გადარწმუნება გინდათ, ადექით და ალტერნატიული კანონის მხარდაჭერით დაარწმუნეთ, აბა, ეს ადამიანები, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსა და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის გარანტორ ქვეყნებს შორის – ტოლობის ნიშანს არ სვამთ. ჯარიმებით კი არა, პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით დასაჯეთ რუსეთის გავლენის აგენტები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე!”. – განაცხადა ლილუაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.
2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.
10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.