გახარიას პარტიაში ჯერ მიღებული არაა გადაწყვეტილება, როდის დაბრუნდება ის საქართველოში

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას საქართველოში დაბრუნების შესახებ გუნდში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემაში „მრვალი გამიდა“ მან თქვა, რომ პარტია რამდენიმე მიმართულებით ფიქრობს, პირველი გიორგი გახარიას ინდივიდუალური საქმეა, მეორე კი ანგარიშვალდებულება, რომელიც მას ამომრჩევლისა და გუნდის წინაშე გააჩნია და როცა ეს ფაქტორები ერთად იქნება გაანალიზებული საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.
„ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი – ეს არის, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური საკითხი. მე თუ რაღაცას მედავებიან, ჩემი თანამშრომლობა-ართანამშრომლობა, ან სხვა სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაში, მე ინდივიდუალურად შემიძლია მივიღო გადაწყვეტილება – ეს ერთი…

არსებობს მეორე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი, ხომ, ის ანგარიშვალდებულია ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენთან, პოლიტსაბჭოსთან, ხომ? ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული მომენტია. ასე რომ, ჯერ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, როდის დაბრუნდება გიორგი გახარია საქართველოში, რა თქმა უნდა, მიღებული არ არის ბევრი ფაქტორის გამო“, – ამბობს ზაზა თავაძე.

გახარია ერთ კვირაზე მეტია, საზღვარგარეთაა. 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, – რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა, – ის იუწყება, რომ გერმანიაში ესწრება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კონგრესს. SPD მრავალი წელია, PES-ის წევრია.
გამოძიება „ჩორჩანის საგუშაგოზე“
„ქართული ოცნებას“ ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას მეორედ გამოკითხვა უნდა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანასთან გახსნილ საგუშაგოსთან დაკავშირებით. იმ პერიოდში გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
ის, რომ გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისევ დაიბარეს, ცნობილი გახდა 16 ივნისს.
გიორგი გახარია თანახმა იყო კომისიას დისტანციურად, „ონლაინ ჩართვით“ გამოეკითხა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი მიიღო.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე, და . მათგან ზურა ჯაფარიძეს უკვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. მას კითხვები დაუსვეს ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებსა და ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგუშაგოს გახსნაზე.
კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.
ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შეჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.
ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.
14 ივნისს კი ამავე საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გახარიას მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“.
ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ფორუმი