გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ “პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ რჩებიან „პოლიტიკურ ბოიკოტში!“ და რომ „მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!“
მანამდე ტელეკომპანია “იმედმა”, პარლამენტისადმი პარტიის წევრების მიწერილი წერილების საფუძველზე, გაავრცელა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ “ბოიკოტს წყვეტენ” გახარიას პარტიის წევრები, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილებაც სადავო პარლამენტმა სექტემბრის დასაწყისში ცნო.
როგორც საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა უთხრა “იმედს”, “კომიტეტს დაეწერა განცხადებები ამ პირთა მხრიდან, ვინც შესაბამისობის კრიტერიუმების დაცვას ახდენენ ანუ იმ თანამდებობებს ანებებენ თავს, რომელიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრობასთან და ა.შ. ანუ მიმდინარეობს პროცესი, დოკუმენტური მომზადება იმისთვის, რომ შემობრძანდნენ პარლამენტში”, – თქვა მათიკაშვილმა.
ამ განცხადებისა და “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბერდია სიჭინავამ, “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, ფეისბუკის გვერდზე დაწერა:
“ჩვენს პოზიციონირებაში არაფერი შეცვლილა ამ პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში.
ზუსტად ასეთი პროცედურა გაიარა ჩვენი საპარლამენტო სიის პირველმა თორმეტმა ადამიანმა, როცა შეუთავსებელი თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ მანდატები არ დაიკარგოს…..ზუსტად ასე იყო თანამდებობრივი დეკლარაციების შევსების ნაწილშიც.
ნუ აჰყვებით “იმედის” ცრუ პროპაგანდას, ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას). ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!”
“იმედის” თანახმად, გახარიას პარტიის მანდატშეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა და მიმართავენ პაპუაშვილს, “იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.
ოპოზიციური გაერთიანებები გაყალბებულად მიიჩნევდნენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებით, უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა (89 მანდატი).
ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.
სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც ს ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.
გახარიას პარტიას ში საკმაოდ გრძელი სია ჰქონდა წარდგენილი – 100 კაცზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გაცდენების საფუძვლით, ექვს თვეში კვლავ ჩათვლის საჭიროდ დღეს დამტკიცებული 12 ადგილმონაცვლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობას დაუშვებს, შემდგომი თორმეტეული ამ სიიდან შეუძლია დაასახელოს.
საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: სხვისი ნივთის დაზიანება დანაშაული მხოლოდ მაშინაა, თუ ზიანი აჭარბებს 150 ლარს (სსკ 187 მუხლი). 23 წლის ადამიანი დააკავეს წარწერის გაკეთებაზე, რომელიც რამდენიმე წუთში წაშალეს კალაძის თანამშრომლებმა