გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ სასამართლომ ცესკოს არ დაავალა მნიშვნელოვანი მონაცემების დაცვა

ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, დაევალდებულებინა სერვერებსა და ხმის მიცემის აპარატებში შენახული ინფორმაცია დაეცვა.
„თავიდანვე ვამბობდით, ვერიფიკაციის აპარატები და მათში არსებული ინფორმაცია შესაძლოა იყოს გაყალბების მთავარი მტკიცებულება. ამიტომ ცდილობს პროკურატურა კონტროლის აღებას ყალბი გამოძიების ფარგლებში და ფაქტობრივდ მძევლად აჰყავს როგორც მტკიცებულებები, ისე სიმართლის დადგენის მთლიანი პროცესი…
ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ს გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები განადგურდეს, რაც აზრს უკარგავს ნებისმიერ ობიექტურ გამოძიებას, ნამდვილი სიების გამოქვეყნებას, რაც თავის მხრივ სისხლის სამართლის დანაშაულია“, – აცხადებენ პარტიაში.
„გახარია საქართველოსთვის“ „სიებისა და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის“ სურვილს უკავშირებს პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასაც, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაიწყო და გამოკითხვაზე პრეზიდენტი და ოპოზიციონერი ლიდერებიც დაიბარეს:
„ცესკო თითქმის 10 დღეა ინფორმაციას მალავს, არ ასახელებს შენახვის ვადას და პროკურატურასთან ერთად ხელს უწყობს მტკიცებულებების განადგურებას“.
1 ნოემბერს, როცა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ინფორმაციის სასამართლო წესით მოთხოვნაზე საუბრობდა, ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არჩევნებში მონაწილე ადამიანების სიის გასაჯაროების შესაძლებლობას მათ კანონმდებლობა არ აძლევს. მანვე აღნიშნა, რომ ერთი წლის ვადით ინახავენ იმ ქვითრებს, რომელიც სარეგისტრაციო მოწყობილობამ დაბეჭდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის იდენტიფიცირების შემდეგ.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე პრეზიდენტი გამოკითხვაზე დაიბარეს.
პროკურატურაში დაბარების პასუხად, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებას მიმართა. მან წარადგინა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია სავარაუდო დარღვევები.
პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას, ვინაიდან მათ არ ენდობიან.
მასალა განახლდა ცესკოს პრესსპიკერის კომენტარის მიღების შემდეგ.