გახარიას პარტიას სურს, გაერთიანდეს PES-ში, საიდანაც „ოცნებას“ რიცხავდნენ, თუმცა თავად დატოვა

ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტიას, „საქართველოსთვის“ სურს, გაერთიანდეს „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“, – ევროპულ პარტიაში, რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნება“ 2015-23 წლებში იყო.
გახარია ერთ კვირაზე მეტია, საზღვარგარეთაა. 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, – რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა, – ის იუწყება, რომ გერმანიაში ესწრება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კონგრესს. SPD მრავალი წელია, PES-ის წევრია.
„მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს, მათ შორის ბუნდესთაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, იოჰანეს შრაპსს“, – ამბობს გახარია.
„განვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების სასწრაფო აუცილებლობა, აგრეთვე პარტია „საქართველოსთვის“ გეგმები – გახდეს ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ოჯახის წევრი“, – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
მისი თქმითვე, ამ საკითხის განხილვა შემოდგომაზე იგეგმება.
· მას შემდეგ, რაც 2023 წელს საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების (CPAC) ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, PES-მა, – რომელიც ორბანის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეა, – განაცხადა, რომ მომდევნო, ივნისის შეკრებაზე შეაფასებდა „ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლობის სტატუსს;
· 11 მაისს ამაზე პასუხად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ PES-ის დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ პარტიას აცნობეს;
· იმავე წლის 30 ივნისს კი ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) თავმჯდომარეობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, თავიანთი რიგებიდან გაერიცხათ „ქართული ოცნება“.
· PES-ის თქმით, მან დაადგინა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი საქმიანობითა და პოზიციებით PES-ის ღირებულებებს გასცდა.
ფორუმი