გახარიას დაზარალებულად ცნობა ფიქციური აღმოჩნდა, მტკიცებულებებს არ გვაცნობენ – „საქართველოსთვის“

ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ გიორგი გახარიასათვის ბათუმში ცემის საქმეზე დაზარალებულად ცნობა „ფიქციური აღმოჩნდა“ და მას არ ეძლევა გამოძიების მასალებზე წვდომის შესაძლებლობა.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეო ჩანაწერებს“, – აცხადებს პარტია და განმარტავს.
„დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია“, – წერია 27 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში.
პარტიის თანახმად, გახარიას წარმომადგენლებს
· პროკურატურამ „ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ“;
· არ გადასცა „უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი“;
· „გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე“.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი“, – აცხადებს გახარიას პარტია.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, პარტიაში დაადასტურეს, რომ გახარია დაზარალებულად ცნეს ს „შერატონში“ 14 იანვარს მომხდარი ძალადობის საქმეზე.
პრესსამსახურის ცნობით, დაზარალებულის სტატუსი გიორგი გახარიას 26 იანვარს მიანიჭეს. ეს სტატუსი, იურისტების განმარტებით, მას საშუალებას უნდა აძლევდეს, ჰქონდეს წვდომა საქმის მასალებზე.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა. ფაქტზე -მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით გამოძიება პროკურატურას გადაეცა.
პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები დაესხნენ თავს, 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ, ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.