გახარიამ 20 ივნისის კონტექსტში ანზორ ჩუბინიძე პირველად ახსენა

გიორგი გახარიამ 20 ივნისის კონტექსტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე პირველად ახსენა.
თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას ეკითხებოდნენ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებისას ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა პარლამენტის შენობაში გერმანიის მაშინდელი ელჩი ჰუბერტ ქნირში, რაც ყოფილმა შს მინისტრმა დაადასტურა. მისი თქმით, შსს-ს საერთაშორისო დეპარტამენტმა ყველა საელჩოს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ოპოზიციამ პარლამენტის შტურმი დაიწყო, რის შემდეგაც შენობაში მივიდა გერმანიის ელჩი.
გახარიას ეკითხებოდნენ, რა საჭირო იყო ელჩის ან დეპუტატების იქ ყოფნა, როდესაც მიმდინარეობდა შტურმი და არსებობდა გარკვეული უსაფრთხოების რისკები პარლამენტის შიგნით მყოფი ადამიანების მიმართ. გახარიამ თქვა, რომ სუს-მა არ მისცა რეკომენდაცია, შენობა დაეცალა.
თეა წულუკიანი: ოპერაციის ხელმძღვანელი ხომ თქვენ იყავით?
გახარია: საერთოდ რომ გესმოედთ, ელჩი.. უფრო შორსაც შემიძლია წავიდე… ელჩი სახელმწიფოს მიერ დაცული პიროვნებაა და იმის მაგივრად, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს (ანზორ ჩუბინიძე) იქ წინა ხაზზე რომ არ ერბინა და კამერებზე გამოჩენის ნაცვლად ელჩისთვის მიეხედა, უკეთესი იქნებოდა.
თეა წულუკიანი: ანზრო ჩუბინიძე თავისი საქმის პროფესიონალი რომ არ იყოს, თქვენ იმ 20 ივნისიდან კიდევ მეტი ზიანით გამოიყვანდით ქვეყანას
გახარია: გამგებმა ყველაფერი გაიგო და მაგას თქვენი განმარტებები აღარ სჭირდება.
20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად არაერთი ადამიანი დასახიჩრდა. ოპოზიციაში ხშირად უსაუბრიათ ანზორ ჩუბინიძის შესაძლო როლზე აქციის დარბევის პროცესში, რასაც “ქართულ ოცნებაში” უარყოფდნენ. გახარიამ, მაშინდელმა შს მინისტრმა განაცხადა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც მაშინ მოხდა, თუმცა თქვა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება პირადად მას არ გაუცია.