გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას“

პარტიამ „გახარია — საქართველოსთვის“ ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“.
ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ამ დრომდე, „გირჩთან“ ერთად, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რჩებოდა იმ ოპოზიციურ ძალებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტის ქარტიაზე ხელი არ მოუწერიათ.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს წარადგინა იმ ნაბიჯების გეგმა, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.
„ქართული ქარტია“ ითვალისწინებს ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების, მათ შორის რუსული კანონის გაუქმებას; 2024 წლის პროტესტის მონაწილე დემონსტრანტების ამნისტიას; მოსამართლეთა კეთილსინდისიერების მექანიზმის (ე.წ. ვეტინგის) ამოქმედებას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ძალოვანი უწყებებისა და მარეგულირებელი ორგანოების რეფორმას.
ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რომ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეასრულებენ და ჩაატარებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამასთან, დროებითი მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.
„ქართულ ქარტიას“ მანამდე ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა:
· „ნაციონალური მოძრაობა“
· „ლელო“
· „ახალი“
· „გირჩი – მეტი თავისუფლება“
· „დროა“
· „ევროპული საქართველო“
· „სტრატეგია აღმაშენებელი“
· „რესპუბლიკური პარტია“
· „მოქალაქეები“
· „სამართლიანობისთვის“
· „მოძრაობა ხალხისთვის“
· „მწვანეთა მოძრაობა“
· „თავისუფლება- ზვიად გამსახურდიას გზა“
· „ევროპელი დემოკრატები“
· „კანონი და სამართალი“
· „სახელმწიფო ხალხისთვის“
· „ეროვნულ – დემოკრატიული პარტია“

ასევე დაგაინტერესებთ