“გაწამებულ, დაღლილ, გათოშილ ქართველ დედებს ასე უღირსად, ასე არაქართულად მოექცე, მსგავსი სიბოროტე იშვიათია” – სალომე სიმონია

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად.
ღია ცის ქვეშ 17 ღამე გაათენეს დედებმა. აქედან, ერთი კვირის მანძილზე სამეგრელოს გუბერნატორს შეხვედრის ჩანიშვნას სთხოვდნენ ღამენათევი და გაყინული ქალები. თუმცა ამ დროის მანძილზე, მისგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.
გუშინ დედები ადგნენ, ბალდიდან ზუგდიდამდე 90 კმ. გაიარეს და კიდევ იქით ჩააკითხეს რწმუნებულს – საჯარო შეხვედრის მოთხოვნით. პასუხად ისევ შეურაცხყოფა მიიღეს, პრობლემის მოგვარება კი არა, თქვენ შოუს დადგმა გინდათ, ამიტომ შეხვედრაზე არანაირი ვიდეო ჩანაწერი არ დაიშვებაო.
დედების სიმართლეს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს და გუბერნატორსაც ალბათ სახლში მოუნდა წასვლა, პროვოკატორები მოიყვანეს ოფისში. საღამოს 8 საათი იყო უკვე დაწყებული შენობაში ორი ძალიან გამომწვევად მოსაუბრე ქალბატონი რომ შემოუშვეს. (პირველ და მეორე ფოტოზე) დედების გვერდზე დასხდნენ და გაირკვა, რომ ზუსტად იცოდნენ ვინ იყვნენ ბალდიდან ჩამოსულები. ამტკიცებდნენ დავით ვერავა შესანიშნავი ადამიანიაო.
გარეთ სხვები დააყენეს ჩხუბის ასატეხად (მე-3 ფოტოზე) და ხალხის დაპირისპირება სცადეს. ღამენათევი, დაკნინებული, აბუჩად აგდებული და შეურაცხყოფილი ბალდელი დედების წასვლისთანავე ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები ეგრევე დაიშალნენ. დავით ვერავა კი, ასე დაემალა და გაექცა ბალდიდან ჩამოსული დედების თავდადებასა და სიმართლეს.
ბევრნაირი ბოროტება მინახავს და გამიგია, მაგრამ მსგავსი იშვიათია – გაწამებულ, დაღლილ, გათოშილ და ფეხებდასიებულ ქართველ დედებს ასე უღირსად, ასე არაქართულად დახვდე და მოექცე, თან ასეთი თანამდებობის პირი. ამ ჩინოვნიკებმა ან რა სიკეთე უნდა მოუტანონ ხალხს და ქვეყანას?!

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში