გასულ წელს ქვეყანაში 30 975 კომპანია გაუქმდა, საიდანაც თითქმის, 40% საავტომობილო ბიზნესზე მოდის. საქსტატის მონაცემებით შარშან ჯამში 12 286 კომპანია ავტომობილების საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორიდან იყო.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც საავტომობილო სექტორში კომპანიები უქმდება.
როგორც ის აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საკმაოდ საგანგაშო ტენდენცია გაჩნდა და თუ ადრე, საქართველო ერთგვარი სატრანსპორტო ჰაბი იყო, სადაც ავტომობილები შემოდიოდა, გარკვეული დროით ჩერდებოდა და რეექსპორტზე შემდეგ გადიოდა, ახლა კონკურენტ ავტოდილერებს (მეზობელი ქვეყნებიდან), დაყოვნების გარეშე გაჰყავთ. შედეგად, საავტომობილო ბიზნესის ის ლოგისტიკური რგოლი, რომელიც მათ აქ ემსახურებოდა, საქმიანობის გარეშე დარჩა.
„ამ წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც ავტომობილებით ვაჭრობასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსი ლიბერალურად შეიცვალა (მოგეხსენებათ, გაქვს 2-თვიანი საშეღავათო ვადა განბაჟების, ამ პერიოდში უფასოა), მომსახურების სააგენტოს რეფორმამ საშუალება მისცა ამ კუთხით საქართველოს, რომ ავტოჰაბი ყოფილიყო. შედეგად, როდესაც ავტომობილი ჩამოდიოდა, აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ა.შ, სანამ რეექსპორტზე გავა, მეზობელ ქვეყნებში, ავტომობილებისთვის საქართველო იყო ტრანზიტული ქვეყანა. ხანგრძლივი პერიოდით ჩერდებოდა, გარკვეულ მომსახურებას გადიოდა, დამატებით ღირებულებას ქმნიდა, როგორც ეკონომიკაში, ასევე გარკვეულ შემოსავალს აძლევდა, ჩვენს ავტოიმპორტიორებს.
ახლა, გაჩნდა საგანგაშო ტენდენცია, რომ ამ იმპორტირებული ავტომობილებისთვის აღარ ვასრულებთ ტრანსფერული პუნქტის როლს. ანუ, ჩამოდის, ფოთის, ბათუმის პორტების გავლით, მაგრამ პირდაპირ გადიან მეზობელ თუ აზიის ქვეყნებში, ანუ აქ აღარ ჩერდება. შესაბამისად, ამ ლოჯისტიკური რგოლიდან უკვე ამოვარდა ქართველი ავტოიმპორტიორი. მართალია, სრულად არა, მაგრამ გაჩნდა ეს ტენდენცია, რის გამოც შემოსავალს კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიც, ქვეყნის ეკონომიკაც და თვითონ ის ადამიანებიც, ვინც ამ საქმით იყვნენ დაკავებული.
ამის მიზეზია ის, რომ კონკურენციას გვიწევენ ავტოდილერები მეზობელი ქვეყნებიდან, გარდა იმისა უკვე არიან კომპანიები, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან იგივე ყაზახ, სომეხ და ა.შ ავტოიმპორტიორებს“, – აცხადებს ალექსი ნონიაძე.
ვრცლად იხილეთ: bpn.ge