„გაჩენილია ნიჰილიზმი, ბევრმა საოჯახო მეურნეობამ გადაწყვიტა, რომ თხილი არამომგებიანია“

„თხილის წარმოებისთვის გამოყოფილი ვაუჩერი არის საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 10%-ის სუბსიდია – სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ნათს ინკორპორეითედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლათათიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში თხილის წარმოების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა, 2022 წლიდან მოქმედებს. პროგრამის მიხედვით, არანაკლებ 0.2 ჰა-იდან არაუმეტეს 3 ჰა-ის ჩათვლით, თხილის ბაღის ყოველ ერთ ჰექტარზე ფერმერებს 500-ლარიანი ვაუჩერი ეძლევათ.
2025 წლის მიმდინარე სეზონზე თხილის კადასტრში რეგისტრირებულ 45 380 მეთხილე ფერმერს 15.8 მლნ ლარის ღირებულების აგროქულები დაერიცხა. ამასთან, ივნისის მდგომარეობით, 31 673 ჰა-ზე ბაღებში მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ ღონისძიებების გასატარებლად, ფერმერებმა სულ 6.2 მლნ ლარზე მეტის ქულები გაანაღდეს.
თორნიკე ლათათიამ ისაუბრა აღნიშნული პროგრამის შესახებ და დასძინა, რომ ამ ვაუჩერების ეფექტიანი გამოყენების შემთხვევაში, ფერმერებს აქვთ საშუალება, წლის განმავლობაში რისკების ნაწილი მაინც დააზღვიონ.
„პირველ წელს როდესაც პრობლემა დაიწყო მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ვაუჩერები არამიზნობრივად დაიხარჯა. მეორე წელს მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მოიყვანო, საოპერაციო ხარჯი ერთი ჰექტრისთვის დაახლოებით 5 ათასიდან 6 ათას ლარამდეა. ვაუჩერი არის საოპერაციო ხარჯების ნაწილის სუბსიდია, რომელსაც ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ეს თანხა მიზნობრივად დაიხარჯება. საოპერაციო ხარჯის დაახლოებით, 10%-ია ეს ვაუჩერი. 10% იმ რისკებს, რაც წლის განმავლობაში შესაძლოა შეიქმნას, სრულად ვერ აპრევენცირებს, თუმცა, მისი არამიზნობრივად გამოყენება, ყველანაირი დარტყმის ქვეშ აყენებს ფერმერს“, – აღნიშნა ლათათიამ.
გარდა ამისა, რესპონდენტმა ყურადღება გაამახვილა მცირე მეწარმეებისთვის თხილის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებზე. როგორც მანვე აღნიშნა, ფერმერების ნაწილში გაჩნდა ნიჰილიზმი, რადგან მათ თხილის წარმოება ძვირი უჯდებათ.
ლათათიას თქმით, სწორი მოვლის პირობებში თხილის კულტურა მომგებიანია. მანვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ფერმერების გაძლიერება და საოპერაციო ხარჯების შემცირების კუთხით მათი მხარდაჭერა.
„თხილის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია სანედლეულო ბაზა, რაც გაზრდის უპირატესობას როგორც საფასო ნაწილში, ასევე მაღალგადახდისუნარიან კლიენტებზე გასვლის მხრივ. ამ სანედლეულო ბაზას ქმნის ფერმერული მეურნეობა და არა კომერციული მეურნეობა. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერული მეურნეობების ცნობიერება გაიზარდოს, უფრო მეტი მხარდაჭერა იყოს იმისთვის, რომ ფერმერებს საოპერაციო ნაწილში შეუმსუბუქდეს ხარჯები და ინტერესი დაუბრუნდეს ფერმერს. ვიცი რომ, გაჩენილია ნიჰილიზმი, ბევრმა საოჯახო მეურნეობამ გადაწყვიტა, რომ თხილი არამომგებიანია, რადგან საოპერაციო ხარჯი ძვირი უჯდება, შემდეგ მოსავლის აღება უჭირს და ფიქრობენ, რომ არ უნდა დახარჯოს ფული თხილის მოყვანაზე. თუმცა, სწორი მოვლის პირობებში მომგებიანი ბიზნესია და ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ დიდი სანედლეულო ბაზა გვქონდეს, ამისთვის საჭიროა ფერმერების გაძლიერება“, – განაცხადა თორნიკე ლათათიამ „ბიზნესპრესპრესნიუსთან“.