გაშალე ფრთები, ჩემო მეგობარო, და გაფრინდი; ახლა, როგორც იქნა, თავისუფალი ხარ… – რას გრძნობენ საუკეთესო “მეგობრები”, როცა 6-დან 1 მათ სამუდამოდ ტოვებს: ემოციური წერილები და მოგონებები მეთიუ პერის შესახებ – Marao

გაშალე ფრთები, ჩემო მეგობარო, და გაფრინდი; ახლა, როგორც იქნა, თავისუფალი ხარ… – რას გრძნობენ საუკეთესო “მეგობრები”, როცა 6-დან 1 მათ სამუდამოდ ტოვებს: ემოციური წერილები და მოგონებები მეთიუ პერის შესახებ – Marao
მეთიუ პერი 28 ოქტომბერს ლოს-ანჯელესის სახლის აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ჯერჯერობით მსახიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მეთიუ პერის პოპულარობა „მეგობრებში“ (F•R•I•E•N•D•S) შესრულებულმა ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. სერიალი 10 სეზონის განმალობაში გადიოდა და მეთიუმ 234-ვე ეპიზოდში ითამაშა. გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით „მეგობრების“ მსახიობებმა, რომლებიც ერთ დიდ ოჯახად იქცნენ, მსახიობს გამოსამშვიდობებელი ტექსტები მიუძღვნეს და კიდევ ერთხელ ისაუბრეს, რამდენად გასაოცარი ადამიანი იყო მეთიუ…
„ღმერთო ჩემო, შენთან გამომშვიდობება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ემოციების ტალღა აღმოჩნდა, ისეთი, რაც აქამდე არასდროს განმიცდია. შენი წასვლით ჩვენ, ყველამ, განვიცადეთ სიყვარულისა და სიცოცხლის დიდი დანაკარგი. შენ მუდამ ყველას გვაცინებდი და გვაცინებდი მთელი გულით, ეს კი საუკეთესოდ გამოგდიოდა. ბოლო კვირებია სულ ჩვენს ძველ მიმოწერებს ვკითხულობ, ვტირი და ვიცინი ერთდროულად. მეთიუ, ძალიან მიყვარხარ. ახლა ვიცი, რომ სიმშვიდეში ხარ, ყველანაირი ტკივილისგან თავისუფალი. მე შენ ყოველდღე გესაუბრები… ხანდახან მესმის კიდეც შენი ხმა – „ამაზე გიჟი როგორღა უნდა გახდე?“ – წერს მსახიობი ჯენიფერ ენისტონი და მეთიუსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„მადლობა მხიარულებისა და კრეატიულობის ათი წლისთვის. არასდროს დამავიწყდება შენი გავლენა კომიკურ სამყაროზე, იმაზე, თუ როგორ მარტივად შეგეძლო უბრალო დიალოგის საოცარ სცენად გარდაქმნა და შესანიშნავი ხუმრობების მოფიქრება. და, რა თქმა უნდა, მადლობა შენი შესანიშნავი გულისთვის, გაზიარებული ემოციებისთვის და იმისთვის, რომ ექვსი უცნობი ადამიანი ერთმანეთის ოჯახად იქცა“, – იხსენებს დევიდ შვიმერი (როს გელერი).
“დარწმუნებული ვიყავი, რომ, ადრე თუ გვიან, ჯულია აუცილებლად დამშორდებოდა… მე არ ვიყავი მისთვის საკმარისი… ამიტომ, სანამ გული მეტკინებოდა, მე თვითონ დავშორდი” – ჯულია რობერტსისა და მეთიუ პერის სიყვარულის ნაკლებად ცნობილი ამბავი
სერიალში მონიკა გელერი, რეალურ ცხოვრებაში კი კორტნი კოქსიც, გულისამაჩუყებელი სიტყვებით ემშვიდობება მსახიობს – „მადლიერი ვარ ყოველი მომენტისთვის, რაც შენთან ერთად მაქვს გატარებული, მეთიუ, და მენატრები, ყოველდღე მენატრები. როდესაც ისეთ ახლობელ ადამიანთან ერთად მუშაობ, როგორიც იყო მეთიუ, გრჩება ათასობით მოგონება. როგორ მინდა, ყველას გაზიარება შემეძლოს…“
“ჩემთვის დიდი პატივი იყო სცენის შენთან გაზიარება და შესაძლებლობა, დამეძახა შენთვის ჩემი მეგობარი. ვერასდროს შევძლებ დაგივიწყო და მუდამ ღიმილით არ გაგიხსენო. გაშალე ფრთები, ჩემო მეგობარო, და გაფრინდი. ახლა, როგორც იქნა, თავისუფალი ხარ. დიდი სიყვარულით“ – მეტ ლებლანი (ჯო ტრიბიანი).
მსახიობისადმი გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა ლიზა კუდროუმაც (ფიბი ბუფე): „მადლობა, რომ მაშინაც კი მოდიოდი სამსახურში, როდესაც ძალიან ცუდად იყავი და შენს საქმეს მაინც შესანიშნავად ასრულებდი. მადლობა გასაოცარი 10 წლისთვის, რაც ერთად გავატარეთ და მადლობა ბევრი დიალოგისთვის, მადლობა ნდობისთვის, მადლობა იმ დროისთვის და შესაძლებლობისთვის, რაც შენთან ერთად დროის გატარებას გულისხმობდა, მეთიუ…“

ასევე დაგაინტერესებთ