„გაყიდვები მხოლოდ ონლაინ გვაქვს, რადგან მომხმარებლის შეკვეთებზე ვართ დამოკიდებული“ – Gittly

ხის ფიგურებისგან სანათების კეთება ლაშა არეშიძემ პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, დაიწყო. საწყისი ინვესტიცია ჯამში 5-დან 10 000 ლარამდე იყო. Gittly-ის დამფუძნებელი, ლაშა არეშიძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ სანათებს მასიური ხის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან ამზადებენ.
„მუშაობა 2020 წელს, პანდემიის დროს, დავიწყეთ. ვამზადებთ ფიგურებიან სანათებს. საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 5-დან 10 000 ლარამდე იყო ჯამში. მომხმარებელი გვიგზავნის ხოლმე ფოტოებს და იმ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების მსგავს ფიგურებს ვაკეთებთ, შემდეგ კი ჩვენი მხატვრები ამ ფიგურებს ხატავენ. მოხატული ხის ფიგურები კი სანათზე თავსდება და გამოდის ფიგურებიანი სანათი. ფიგურებს ვაკეთებთ მასიურის ხის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან,“ – ამბობს ლაშა არეშიძე.
Gittly-ის საფასო პოლიტიკიდან გამომდინარე სანათების ფასები 220 ლარიდან იწყება და 4+1 ყოველ ახალ ფიგურაზე 20 ლარი ემატება.
„ჩვენი საფასო პოლიტიკა გამოითვლება ასე – 4 ფიგურის ჩათვლით სანათი ღირს 220 ლარი. მეხუთე ფიგურიდან, ყოველი თითო ფიგურაზე 20 ლარი ემატება. გვქონია შეკვეთა კლასის დამრიგებლისთვის, სადაც მთელი კლასის ბავშვების ფიგურები იყო გამოსახული. ამ სანათის ფასი დაახლოებით 640 ლარი გამოვიდა. გაყიდვები მხოლოდ ონლაინ გვაქვს, რადგან მომხმარებლის შეკვეთებზე ვართ დამოკიდებული“, – ამბობს Gittly-ის დამფუძნებელი.
ლაშა არეშიძე ამბობს, რომ მათ სანათებზე მოთხოვნა მზარდია ახალი წლის და დღესასწაულების პერიოდში, რადგან სანათებს სასაჩუქრედ უკვეთავენ. სახელოსნოში 3 ადამიანია დასაქმებულია. ჰყავთ კიდევ 2 მხატვარი, მაგრამ ნოემბერ-დეკემბერში კიდევ იმატებენ მხატვრებს და თვეში საშუალოდ 40-50 სანათს ყიდიან. Gittly-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ სამომავლოდ საძინებლის მაღალი ტორშერების დამზადება სურს, თუმცა საამისოდ დამატებით ინვესტიცია სჭირდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ