“გაფრთხილებ, პირადად მე, გიორგი გახარია” – გახარია ბექაურს

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:
სულ რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის, ჩვენ მოგვანიჭა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პარტიას უნდა ჰქონდეს წვდომა უფასო რეკლამაზე. როგორც კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაშინვე ჩაერთო პროცესში მარეგულირებელი, რომელმაც ჯარიმის მუქარით, უკანონოდ დააორგანიზა ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომლის მიზანიც არის, რომ ყველა ეროვნულ მაუწყებელს აუკრძალონ ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება ტელესივრცეში. მე მინდა პერსონალურად მივმართო კახა ბექაურს. ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და სწრაფი გზა გამდიდრებისკენ, მაგრამ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მინდა გავაფრთხილო, მე პირადად გიორგი გახარიამ, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა და ვერავისთვის უკან გასასვლელი კარი ვერ იქნება.