გაფრთხილება მძღოლებს! – ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა.
კერძოდ, შეზღუდვა შეეხო ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის და ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზების მონაკვეთებს.
„დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (სოფ. ხახმატი-შატილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზის კმ1-კმ53 (ჟინვალი-სოფ. კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.