გაფართოების ანგარიში გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის – ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ს განცხადებით, დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის გამანადგურებელია.
„ჩემთვის, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის, წლევანდელი ანგარიშის წარმოდგენა ადვილი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე უფრო შორსაა, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში უკუსვლის დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა და ამის თქმისას ვციტირებ კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებმაც ჩემამდე ილაპარაკეს“, – განაცხადა მ.
ელჩის თქმით, მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დაშორება აირჩია, რეფორმებისა და გაწევრიანების პროცესში წინ წაიწიეს.
„საქართველოსგან განსხვავებით ისინი ამჟამად ევროკავშირთან თანდათანობითი ინტეგრაციის უპირატესობებით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს, სხვა მრავალ საკითხთან ერთად აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხები“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
დღეს, 4 ნოემბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად დარჩა. კომისია კვლავ ადასტურებს სოლიდარობას საქართველოს ხალხის მიმართ.
„ხელისუფლების მოქმედებები ვერ პასუხობს იმ მოლოდინებს, რაც ევროკავშირს აქვს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. დაფიქსირდა სერიოზული უკუსვლა ძირითად მიმართულებებში — მიღებულ იქნა რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს; მოხდა სასამართლო სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია; ადგილი აქვს ოპოზიციის ლიდერების დევნას, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაკავებას და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას. კონტროლისა და ბალანსების მექანიზმების და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პრინციპის ეროზიამ, პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, გამოიწვია აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება.
2024 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ — არ გაეგრძელებინა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება — ცალსახად დაადასტურა მათი დაშორება წინა მთავრობების პოლიტიკისგან, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოწერილი ვალდებულებისგან — უზრუნველყოს ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, — ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან ერთად, ანგარიშში ნათქვამია, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად ავრცელებდა ანტიერევოპულ დეზინფორმაციას და არ გამოუჩენია არანაირი პოლიტიკური ნება, განეხორციელებინა შესაბამისი რეფორმები (ე.წ. „ცხრა ნაბიჯი“), რომლებიც ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში იყო განსაზღვრული.
„საქართველოს ხელისუფლების ამგვარმა ქცევამ დააზიანა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა გაფართოების პროცესს. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის ამ კურსს, კომისია, საბჭოსთან შეთანხმებით, ამცირებს მაღალი დონის პოლიტიკურ კონტაქტებს, აჩერებს ორმხრივ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს აძლევდა საქართველოს ხელისუფლებას, და აძლიერებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი.
2025 წლის იანვარში, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს ვიზების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერებისა და დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შეჩერების შესახებ.
საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა და გადადგას ყოვლისმომცველი და პრაქტიკული ნაბიჯები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ძირითადი რეფორმების გასატარებლად.
გათვალისწინებით 2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნებისა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ფაქტობრივად შეაჩერა წინასწარი გაწევრიანების პროცესი, და იმის ფონზე, რომ ქვეყანაში მას შემდეგაც გრძელდება ძირითადი მიმართულებებით უკუსვლა, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მტკიცე პოლიტიკური ნება კურსის შესაცვლელად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად“, — ნათქვამია ანგარიშში.